მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედის განცხადებით, მის შვილს, დ.ჩ.-ს პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა.
„პუბლიკა“ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ საქმეზე ახლა ვერაფერს იტყვიან.
დ.ჩ.-ს დედის ცნობით, მის შვილს ბრალდება წარუდგინეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელზეც დედა უთითებს, სასჯელის სახით ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არასრულწლოვანის დედა წერს, რომ თავის შვილს ბრალდება გიგა ავალიანის ოჯახის მიერ დაანონსებული აქციის საპასუხოდ დაუმძიმეს.
გიგა ავალიანის ოჯახმა 8 იანვარს გენერალური პროკურორის გადადგომა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, 17 იანვრიდან აქციები დააანონსა. აქცია გადაიდო მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ოჯახს საქმის მასალები გადასცა. გარდა ამისა, ეკა კუპატაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ საქმეში სიახლეა, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით გააცნობს.
ავალიანის ოჯახის აქცია გაუქმდა, თუმცა პროკურატურასთან 17 იანვარს აქციას აანონსებს დ.ჩ.-ს დედა, რომელიც ასევე გიორგი გვარაკიძის გადადგომას მოითხოვს და შიმშილობის დაწყებას გეგმავს.
„როცა ჩემი არასრულწლოვანი შვილი დანაშაულის დაფარვისთვის უსამართლოდ დაიჭირეს, მე, როგორც დედამ, სათანადოდ ხმა არ ამოვიღე. ეს აღმოჩნდა ჩემი უდიდესი შეცდომა და ჩემი შვილისთვის დამღუპველი!
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს [15 იანვარს] თავის პროკურორს ქეთევან სონიძეს შეკვეთილი ბრალი დააწერინა, რითაც შეინარჩუნა სკამი, ხოლო გიგა ავალიანის დედამ კი 17 იანვარს პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია გააუქმა.
დღევანდელი პროკურატურის სახელმძღვანელო კოდექსი ასეთია – სკამის დაკარგვის შიშით და არა მტკიცებულებათა ერთობლიობით, პროკურორები წერენ შეკვეთილ ბრალებს!
გენერალურო პროკურორო, თქვენ გამწარებულმა დედამ უსამართლობა გთხოვათ? არა! თუმცა საკუთარი სკამის შენარჩუნების შიშით ინციდენტის ადგილზეც რომ არ ყოფილა, ჩემს 17 წლის შვილს დღეს თქვენი დავალებით ბრალი წაუყენეს […] 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას რომ ითვალისწინებს! ესაა თქვენი სამართალი?!“, – დაწერა დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ.
რატომ მიიჩნევს, რომ მისი შვილისთვის ბრალით წარდგენით პროკურატურა „თემის ჩაფარცხვას“ ცდილობს – სოფო ძნელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი გიგა ავალიანზე თავდასხმის დროს ადგილზე არ ყოფილა და პროკურატურას მის წინააღმდეგ ჯგუფური თავდასხმის მომზადების მტკიცებულებებიც არ აქვს.
„წაკითხული მაქვს საქმის ათივე ტომი, ნანახი მაქვს ყველა ელ.მტკიცებულება და ესაა ამ საქმის რეალობა!“, – წერს ის.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დ.ჩ.-სთან ერთად ბრალი დაუმძიმდა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ მეორე არასრულწლოვანსაც – მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
გიგა ავალიანის ოჯახმა საქმის მასალების გადაცემის შესახებ 14 იანვარს განაცხადა.
მაშინ ეკა კუპატაძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ პროკურატურას თავდაპირველად საქმის მასალების გადაცემაზე უარი ჰქონდა ნათქვამი, სასამართლომ კი ადვოკატს გაუთქმელობაზე ხელმოწერა მოსთხოვა. ეკა კუპატაძის თქმით, მან ადვოკატს უთხრა, გაუთქმელობაზე ხელი არ მოეწერა, რადგან გიგა ავალიანის ოჯახი საჯაროდ იბრძვის. სანამ ოჯახის სასამართლოდან მასალებს მიიღებდა, მათი მოთხოვნა პროკურატურამ დააკმაყოფილა.
გიგა ავალიანის დედამ დღეს „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საქმის მასალების მიხედვით დანაშაულის მომზადებაში დ.ჩ.-ს ბრალეულობა იკვეთება.
სისხლის სამართლის საქმე მედიისთვის დახურულია, რადგან მასში არასრულწლოვანები ფიგურირებენ. მედიას ასევე არ აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლო სხდომებს.
გიგა ავალიანის საქმეზე ოთხი არასრულწლოვანია დაკავებული.
- ა.გ.-ს ბრალად ედება გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია;
- გ.რ.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა მის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
ამ ორი ბრალდებულის საქმე სასამართლოში უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა.
20 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს კიდევ ორი არასრულწლოვანი. ორივეს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, სასამართლოს განაჩენის შემდეგ არასრულწლოვანებს სასჯელი ერთი მეოთხედით უმცირდებათ.
რა მოხდა ქრონოლოგიურად?
გამოძიების თანახმად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის ღამეს, დაახლოებით, 22:15 საათზე, სასწავლო ცენტრიდან გამოსულ 28 წლის გიგა ავალიანს ორი არასრულწლოვანი აედევნა. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ფიზიკურად გაუსწორდა (შუბლის არეში დაარტყა მუშტი), მეორე კი ძალადობის ამსახველ სცენას ტელეფონით იღებდა. თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი გიგა ავალიანი კი მეზობლის ბავშვებმა იპოვეს.
ავალიანი მიღებული ტრავმებით 23-დღიანი კომის შემდეგ 24 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში გიგა ავალიანის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სახელდება ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით.
რა იყო გიგა ავალიანზე თავდასხმის მოტივი?
გამოძიების თანახმად, თავდასხმის მოტივად მეგობარ გოგონასთან გიგა ავალიანის არასასურველი კომუნიკაცია და ეჭვიანობა სახელდება.
პროფესიით ექიმი გიგა ავალიანი მოსწავლეებს მათემატიკაში ამზადებდა. მასზე თავდამსხმელი სწორედ მისი ერთ-ერთი მოსწავლის, ნ.ი.-ს შეყვარებული იყო. ადვოკატების თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ნ.ი. თავის შეყვარებულს, ამჟამად უკვე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ ა.გ.-ს უყვებოდა, რომ მასწავლებელი მას პირად სივრცეს უზღუდავდა…
რას ამბობს ოჯახი და რა ვერსია აქვს პროკურატურას?
ავალიანის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს არაეფექტურობაში ადანაშაულებს, საქმის სრულყოფილ გამოძიებასა და ყველა დამნაშავის, მათ შორის, ნ.ი.-ს დაკავებას მოითხოვს.
პროკურატურის ვერსიით, გიგა ავალიანი თავში მუშტის ერთი ჩარტყმით გარდაიცვალა. ოჯახი ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და ფიქრობს, რომ მუშტის ჩარტყმა მსგავს დაზიანებას ვერ გამოიწვევდა და სინამდვილეში გიგა ავალიანს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. ოჯახი ასევე ამბობს, რომ გიგას სხეულზე, ისევე, როგორც თავზე სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა, ეს დაზიანებები კი სამედიცინო დასკვნაში ვერ მოხვდა, რაშიც ოჯახი სამედიცინო პერსონალს ადანაშაულებს.
ოჯახი ასევე მიუთითებს გამოძიების დროს მტკიცებულებების მოპოვებისას სხვადასხვა პროცედურულ თუ სხვა სახის დარღვევაზე.
გიგა ავალიანის ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს (სსსკ 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი).