ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს 2 ადამიანი, რომლებმაც „ერთ-ერთი კომპანიის სახელით საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება „536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს“.
„გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის წევრებმა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანით თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის: სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
მათივე ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.