„ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, მგონი, ეს ყოფილა“

ლიკა ზაკაშვილი

31 დეკემბერს ფოთის მე-15 საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი იგორ კეკელია. გათავისუფლების ბრძანებაში ოფიციალურ მიზეზად დისციპლინური გადაცდომაა მითითებული. კეკელიას თქმით, მიზეზი „ფორმალურია“ და უკავშირდება მისი შესაძლო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, რომლის გამოც სკოლა მისგან განცხადების დაწერასა და სკოლის დატოვებას მოითხოვდა.

45 წლის იგორ კეკელიას, პროფესიით ისტორიკოსს, 18-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. მასწავლებლობა 2007 წლიდან გადაწყვიტა. წამყვანის სტატუსის მქონე პედაგოგი ფოთის მე-15 საჯარო სკოლაში 2019 წლიდან ასწავლიდა.

საქმეზე პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული.

„ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, მგონი, ეს ყოფილა“

 10 დეკემბერს იგორ კეკელიას ფოთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომელი დაუკავშირდა და აცნობა, რომ სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. პოლიციას ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ აცნობა.

„დამიკავშირდა სამმართველოს თანამშრომელი – ბატონო იგორ, სავარაუდოდ, გავრცელებულია თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ეს დანაშაულია. უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან, რომ დამნაშავეები გამოვავლინოთ. – შევშფოთდი და ვუთხარი, რა თქმა უნდა, დავიწყოთ გამოძიება-მეთქი“, – ამბობს იგორ კეკელია.

სამმართველოში კადრების წარმომავლობასა და სავარაუდო გამავრცელებელზე დაუსვეს კითხვები. კეკელია ამბობს, რომ მას კადრები არ უნახავს და ვერ ხვდებოდა, რაზე იყო საუბარი.

„მკითხეს, თუ გინახავთ კადრებიო. ნანახი არ მქონდა და დღემდე არ მინახავს. მე სოციალურ ქსელში მხოლოდ „ფეისბუქს“ და მესენჯერს ვიყენებ, მაგრამ ხომ არის სხვა სოციალური ქსელებიც, მაგალითად, ტელეგრამი. ტელეგრამით მე არ ვსარგებლობ და როგორც მერე გავიგე, თავიდან ტელეგრამზე გავრცელებულა ეს კადრები და მერე იქიდან – ზოგიერთების მესეჯენრში. თვითონ ასე ამბობენ, თუმცა მე თვითონ ეს კადრები არ მინახავს“.

იგორ კეკელია იმავე დღეს გამოჰკითხეს მოწმის სტატუსით, საქმე კი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს და 4-დან  7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„ძალიან დამთრგუნველი იყო. არცერთ პროფესიას არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი სხვა საჯარო სამსახურის თანამშრომელი, ეს ასეთი მძიმე არ იქნებოდა. მასწავლებელს მაინც მაღალ საზოგადოებრივ სტანდარტებს უყენებენ. მშობლებთან, ბავშვებთან, სასკოლო საზოგადოებასთან აქვს ურთიერთობა“.

 „როგორ შეიძლება, ჩემს შვილს ასწავლიდეს მასწავლებელი, რომლის პირადი ცხოვრების კადრებიც გავრცელდაო“

 „11 დეკემბერს მე-4 კლასში ვატარებდი გაკვეთილს. ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და კლასის ხელმძღვანელს უთხრა, რომ შვილის კლასიდან გაყვანა უნდოდა. კლასის ხელმძღვანელი შემოვიდა ჩემთან და გაიყვანა ბავშვი. მიზეზი არ უთქვამს, რადგან კლასის ხელმძღვანელი იყო, დავემორჩილე.

როგორც მერე გავარკვიე, ამის მიზეზი ყოფილა მშობლის დამოკიდებულება – როგორ შეიძლება ჩემს ბავშვს ასწავლოს მასწავლებელმა, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდაო. ძალიან ვინერვიულე“, – იხსენებს იგორ კეკელია. ამ ფაქტის შემდეგ ის პოლიციაში მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა გამოძიების ეფექტიანად ჩატარება.

„ნუ მიიყვანთ პედაგოგს თვითმკვლელობამდე-მეთქი. კატეგორიულად მოვითხოვე, მოეძებნათ ეს კადრები – თუ არსებობდა და თუ არ არსებობდა, მაშინ ეჭვი გაეფანტათ“.

იგორ კეკელიას თქმით, ამის შემდეგ, ვინაიდან სკოლაში მშობლები პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო კადრების გავრცელებაზე საუბრობდნენ, სამმართველოში დაიბარეს მშობლებიც, რომლებსაც სხვა შეკითხვებთან ერთად ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდათ ნანახი ეს კადრები.

„ყველა მშობელი ამბობდა, რომ ეს კადრები პირადად არ ჰქონდა ნანახი და სხვის ნათქვამს იმეორებდა.

ახლა ამ კლასში რაც მოხდა, სხვა კლასის მოსწავლეების მშობლებმაც გაიგეს, დაიწყეს სხვა კლასების მოსწავლეების მშობლების დაბარება. ისინიც იმავეს პასუხობდნენ – ვიმეორებთ სხვის ნათქვამს, ჩვენ თვითონ არ გვინახავს. ასე ძიება-ძიებით ასეულობით ადამიანი გამოიკითხა“.

„თათბირია, შენი საქმე განიხილებაო…“

24 დეკემბერს, სასწავლო დღის დასრულების შემდეგ, სახლში დაბრუნებულ მასწავლებელს შეტყობინება მიუვიდა, რომ სკოლაში თათბირი ჩაინიშნა, რომელზეც მისი საქმე უნდა განეხილათ – იხსენებს იგორ კეკელია.

„ბუნებრივია, მივედი. ისეთი დამთრგუნველი გარემო დამხვდა, სიკვდილამდე არ დამავიწყდება. როგორც ჩანს, მშობლები ამბობდნენ, რომ გამოძიების დასრულებამდე აღარ ჩამეტარებინა გაკვეთილები. რაღაც ასეთს მოითხოვდნენ. თუ არადა, ბავშვებს სხვა სკოლაში გადაიყვანდნენ. მოკლედ, მუქარის შემცველი განცხადებები კეთდებოდა.

ახლა ნახეთ, მასწავლებლებმა რა თქვეს: მშობლებმა თუ ამის გამო ბავშვები სხვა სკოლაში გადაიყვანეს (არ აქვს მნიშვნელობა, ბრალდება დასაბუთებულია თუ დაუსაბუთებელი), ჩვენ რა ვქნათ? ცარიელი მერხების დარაჯები ვართ?! შეიძლება, პარალელური კლასები გაუქმდეს, თუ გაუქმდა, საათებს დავკარგავთ. აი, ეს შიში ზაფრავდათ პედაგოგებს და მითხრეს – ამდენ ნერვიულობად გიღირსო?! დაწერე განცხადება და წადი, სხვა სამსახურს იშოვიო. ღირსება რომ გაგაჩნდეს, აქამდე უნდა წასულიყავიო“, – ამბობს იგორ კეკელია და გამოთქვამს ვარაუდს, რომ სკოლამ რესურსცენტრიდან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ აღნიშნულის გამო (პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელება) პედაგოგს სკოლიდან ვერ გაუშვებდნენ.

„დაიწყო სკოლაში იმ მშობლების დაბარება, რომლებიც ჩემზე რაიმე ფორმით ნაწყენნი იყვნენ.

„როგორც ჩანს, რესურსცენტრიდან მოუვიდათ პასუხი, რომ სკოლის პედაგოგს ხელს ვერ ახლებთ, რადგან აქ წერია, რომ დაუდგენელი წყაროების მიხედვით არის მიმოქცევაშიო?! დაუდგენელი წყაროების საფუძველზე მასწავლებელს რატომ უნდა შეეხო ან საერთოდ რატომ უნდა შეეხო? რა შუაშია მასწავლებლის პირადი ცხოვრება სკოლასთან? სკოლას რამე დაუშავა თავისი პირადი ცხოვრებით?!

მაგრამ ახლა სკოლის დირექტორის პოზიცია ხომ იცით?! შეშინდა – ვაითუ, მშობლებმა უფრო მეტად გაამწვავონ სიტუაციაო. და ამ პირადი ცხოვრების კადრების სავარაუდო გავრცელებით რომ ვერაფერი დამიშავა, ადგა და დაიწყო სკოლაში იმ მშობლების დაბარება, რომლებიც ჩემზე ნაწყენი იყვნენ.

თათბირზე ხომ მითხრეს, ადექი და წადიო, ერთ-ერთი კოლეგა ადგა – შენ რომ იქ კანონებით გველაპარაკები, დადგენილი და დასაბუთებული არააო, მაშინ აგერ ჩვენც სხვანაირი კანონებით დავიწყებთ საუბარს – მშობლების საჩივრებს განვიხილავთო. მიმანიშნეს, რომ ამგვარად დავისჯებოდი. მაიძულებდნენ, რომ დამეწერა განცხადება.

მე ვუთხარი, ჩემს ადგილას სხვა დაწერდა და წავიდოდა, მაგრამ მე მე ვარ და არავითარ შემთხვევაში განცხადებას არ დავწერ, სკოლის დირექტორმა დაწეროს და ბრძანებით გამათავისუფლოს სკოლიდან-მეთქი“, – ამბობს იგორ კეკელია.

ერთ დღეში დაწერილი 4 ბრძანება

იგორ კეკელიას თქმით, იმისათვის, რომ დირექტორს იგორ კეკელიას „სკოლიდან გათავისუფლების საფუძველი შეექმნა“, მის საქმეში გაჩნდა მშობლების განცხადებები.

კეკელია ამბობს, რომ 28 დეკემბერს, არასამუშაო დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარემ დაიბარა – აცნობა, რომ მისი, როგორც საგნის პედაგოგის მიმართ ცალკეულ მშობლებს შეტანილი ჰქონდათ განცხადებები.

ამბობს, რომ მოითხოვდა საჩივრების დაშტრიხული ვერსიების ნახვას, თუმცა უშედეგოდ. დისციპლინურის თავმჯდომარე ზოგადი საუბრით შემოიფარგლა.

„უკვე ვხვდებოდი, რა იყო მიზანი. მზად ვიყავი, გავყოლოდი სამართლებრივ პროცესს, გავცნობოდი საჩივრებს, წარმედგინა ჩემი პოზიციები და თავი მემართლებინა. მოვითხოვე, საჩივრების ასლები დაშტრიხული ვინაობით გადმომცემოდა, რათა გონივრულ ვადაში შემძლებოდა ამომწურავი პასუხის გაცემა. არცერთი დოკუმენტი არ მომწოდებია“, – ამბობს კეკელია.

2025 წლის 2 იანვარს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ბრძანებები ფოსტით ჩაიბარა, 8 იანვარს კი დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი მიიღო.

ოქმის გაცნობის შემდეგ კეკელიამ გაიგო, რომ სხდომას 4 საკითხი განუხილავს შესაძლო გადაცდომის შესახებ – კერძოდ, მოსწავლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა; მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; მოსწავლეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და დასაქმებულის შეუფერებელი ქმედება. საჩივრების შინაარსს ის დღემდე არ გასცნობია.

„არ ვეთანხმები ოქმში ბუნდოვნად წარმოდგენილ ბრალდებას, სავარაუდოდ, იმის შესახებ, რომ საგაკვეთილო პროცესის დროს თითქოს მე ვსაუბრობდი არასაგაკვეთილო თემატიკაზე, კერძოდ – ათეიზმსა და უღმერთობაზე. სინამდვილეში ჩემი საუბრის თემა ყველა იმ კლასში, სადაც გაკვეთილების ჩატარება მიწევდა, არ გასცილებია ტოლერანტობისა და რელიგიური მრავალფეროვნების სფეროს“, – ამბობს კეკელია.

მისივე თქმით, დაუსაბუთებელია ბრალდება მოსწავლის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და დასაქმებულის სხვა შეუფერებელ ქმედებაზე.

„თუკი აქ იგულისხმება სსიპ ქალაქ ფოთის N15 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის განცხადება, მინდა, ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადება ჩემი თხოვნის საფუძველზე გადაიგზავნა ქალაქ ფოთის რაიონულ პროკურატურაში, სადაც მოსწავლის, მშობლის, პედაგოგისა და კლასის სხვა მოსწავლეთა დაკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ არ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

თან საგულისხმოა ისიც, რომ, მათი თქმით, ეს 31 ოქტომბერს მოხდა და თუ ასე იყო, სად იყვნენ აქამდე.

მე ბავშვს წიგნი კი არ ჩავარტყი, მესამე რიგში იჯდა, არ ჰქონდა თავისი წიგნი და ჩემი გადავაწოდე. მერხზე დავარდა. კი არ მივედი და დავუდე, არამედ, პირველი მერხიდან დავუგდე მესამე მერხზე.

პროკურორი არც მე მენდო, არც მშობელს, არც მოსწავლეს და დამატებით გამოჰკითხეს სხვა მოსწავლეები. ყველამ თქვა, რომ მასწავლებელს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და, რა თქმა უნდა, პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა ძიება“, – ამბობს კეკელია.

„ერთი თვეა, ნორმალურად არ მძინებია“

„10 დეკემბრიდან 10 იანვრამდე ნორმალური ძილი არ მქონია. ამ ყველაფერს შეურაცხყოფა მოჰყვა და ჩემი სკოლიდან გათავისუფლების მიზეზიც ეს გახდა, პირდაპირი არა, ირიბი…

და შენ პროკურატურა რომ ხარ, ერთ თვე გავიდა, გონივრული ვადა გქონდა, რომ რაღაც ფორმით პასუხი მოგეცა ან დაზარალებულის სტატუსი მომეცი, მოწმის სტატუსით რომ ვარ დაკითხული. ვიყვირე ამის გამო.

სკოლა ფიქრობდა, რომ იგორი არ იჩივლებდა. ეს ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული, რთულია, დიდხანს მიდის… სენსიტიური საკითხია, პირად ცხოვრებას ეხება და იგორი ძალიან არ იყვირებსო. ეს იფიქრა, როგორც ჩანს, პროკურატურამაც, მაგრამ მე ვიყვირე – მე გავჩუმდე, ის გაჩუმდეს, ასე არ შეიძლება.

საინფორმაციო საშუალებებმა რომ გააშუქეს, უცებ დამიბარეს, მითხრეს, რომ რამდენიმე დღე მოგვეცით და დავასრულებთ რაღაცებსო. დღესაც დამიბარეს და, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი წერილების გამო მცნობენ დაზარალებულად – გამოავლინეს ის პიროვნებები და გაუშვებენ სასამართლოში.

მუქარის შემცველი წერილების გამო ვიღაცას რომ სჯი, ეგ ჩემთვის მეასეხარისხოვანია. მე ის პირველი მაინტერესებს, რაც მთელმა საქართველომ გაიგო. რატომ არ ვარ ჯერ დაზარალებული? ყველა ვერსიით დაზარალებული ვარ. კადრი ნამდვილად გავრცელდა? დაზარალებული ვარ. თუ არ გავრცელდა და ჭორია – უფრო მეტად ვარ დაზარალებული. ყველანაირად დაზარალებული ვარ.

აქეთ მეკითხებიან – სავარაუდოდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვისაც შეეძლო, გაევრცელებინაო. მე ვეუბნები, ჯერ მანახეთ ვიდეო, გავიგო, რაზეა საუბარი და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ – იქნებ, ხელოვნური ინტელექტია, ფოტოშოპია, თუ რაღაც უბედურებაა. იქნებ, სულაც არ არსებობს.

თვითონ ფაქტი, რომ ეს აგორდა საზოგადოებაში, ძალიან დამთრგუნველი იყო. ფსიქიკური ტრავმა, მორალური ტანჯვა, ადამიანი ფეხზე იდგეს და იტანჯებოდეს… ერთი თვე ძილი არ მქონია ნორმალურად. ღამეებს ვათენებდი. რატომ? რისთვის? ვის დასჭირდა? რაიმე შურისძიებას ხომ არ არის?

რამე პიროვნული, კერძო ინტერესი ხომ არ დგას. ძალიან შეურაცხმყოფელია, ქუჩაში რომ მივდივარ, ადამიანი გვერდზე რომ ჩამივლის და შემომხედავს ვფიქრობ – ვაიმე, ახლა ეს იმაზე ფიქრობს, რაღაც რომ გავრცელდა, ან არ გავრცელდა; რა წარმოდგენა აქვს ჩემზე. რატომ უნდა იაროს ადამიანმა ასე ღირსებაშელახულმა.

სანამ პირისპირ არ შევეფეთე, წარმოდგენაც არ მქონდა, ვისაც ეს გადახდა, რა გადახდომიათ თავს. ჩემი ემპათია ყველა იმ ადამიანს, ვისაც ასეთი დღეები გამოუვლია.

ამიტომ გადავწყვიტე – მე რომ გავჩუმდე და არ ვთქვა, ნებისმიერი კუთხეშია მიმწყვდეული, შანტაჟით, პირადი კადრებით, 100-დან 95% დუმილს ამჯობინებს. გადავწყვიტე, რომ ეს იქნება ჩემთვის მძიმე, დამთრგუნველი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ამას გაიგებს საზოგადოება, დამნაშავეებიც დაფიქრდებიან იმაზე, როგორ უნდა მოექცნენ ადამიანებს“.


სკოლის პოზიცია

„პუბლიკა“ დაუკავშირდა სკოლის დირექტორს ნანა სუბულუას, რომელიც ამავდროულად ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

მისი სიტყვებით, იგორ კეკელიას ყველა პრეტენზია არასწორია და სურვილის შემთხვევაში, შემეძლო, მივსულიყავი და ადგილზე გავცნობოდი ვითარებას; რომ ყველაფერი (გადაწყვეტილებები) შესაბამისობაშია კანონთან; და მან ეს ყველაზე კარგად იცის.

„ჩამობრძანდით ფოთში და ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ, რაც კი არსებობს, ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ. ასე ზეპირად და ასე ონლაინ გამოკითხვები არასწორია“, – გვითხრა ნანა სუბულუამ.

რა ეტაპზეა გამოძიება

იგორ კეკელიას ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, პედაგოგის გათავისუფლებაზე სკოლის გადაწყვეტილება უკანონოა, მიღებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, დისკრიმინაციულად და სადავო საკითხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე.

იგორ კეკელიამ 9 იანვარს სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები და სამეურვეო საბჭოს სხდომაზე თავის ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილთან ერთად დასწრების შესაძლებლობის შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სკოლამ იგორ კეკელიას მოთხოვნაზე უარი უთხრა.

15 იანვარს სკოლიდან მიიღეს წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სამეურვეო საბჭოზე ხდება კოლეგიური ორგანოს შიდა განხილვა და ის არ არის სასამართლო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფორმა. „საბჭოს შიდა წესების, სხდომის ფორმატისა და მონაწილეთა თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, სხდომის პირდაპირ მონაწილეობაში პროფესიული იურიდიული წარმომადგენლის დაშვება არ არის გათვალისწინებული“, – წერს სკოლა.

თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, სკოლის სამეურვეო საბჭოს საჩივრის განსახილველად სხდომა ჯერ არ ჩაუნიშნავს. სავარაუდოდ, ის ერთი თვის ვადაში, 10 თებერვლამდე გაიმართება. მისივე თქმით, თუ სამეურვეო საბჭო ძალაში დატოვებს სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ერთი თვის ვადაში განაჩენს საქალაქოში გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება გამოძიებას პირადი ცხოვრების სავარაუდო კადრების გავრცელებაზე, ამ ნაწილშიც სიახლე ჯერ არაფერია.

„გამოძიებას ჩვენც ცოტა ხნით ვაცდით, რას მოიმოქმედებენ. დაზარალებულის სტატუსზე გვაქვს მოთხოვნა. ამ ეტაპზე სტატუსი არ აქვს“.

„ამ ყველაფრის ბოლო იქნება ის, რომ, თუ რაღაც პერიოდის განმავლობაში საქმე ვერ გაიხსნება, მერე უკვე იგორსაც აქვს მოთხოვნა, როგორც არაეფექტიანი გამოძიება ევროპულ სასამართლოში გაასაჩივროს. დიდია მორალური ზიანი, რომელიც მიიღო“, – ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.

ამ ეტაპზე გამოძიებამ მხოლოდ მუქარის შემცველი შეტყობინების გამომგზავნი პირი დააკავა და ამ საქმეზე იგორ კეკელიას დაზარალებულის სტატუსი აქვს. ამ პირს სასამართლომ გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.