„რუსთავის აზოტის“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა – ისინი ხელფასის მომატებას მოითხოვენ.
როგორც „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები აცხადებენ, ქარხნის ადმინისტრაციამ მათ ხელფასის 4%-ით გაზრდა შესთავაზა, თუმცა დასაქმებულებს ანაზღაურების 300 ლარით გაზრდა სურთ, რაც, მათი თქმით, თითოეულ დასაქმებულს თანაბარ სარგებელს მოუტანს.
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები მოითხოვენ, რომ ადგილზე რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე მივიდეს.
„გაფიცულები ვართ ხელფასების მატებასთან დაკავშირებით, ვინაიდან დირექციასთან გვქონდა, დაახლოებით, 3-4 შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე გამოვედით ხელფასის 4%-იანი მომატების დაპირებით, რომელიც არ არის მატება, ეს არის უბრალოდ ხალხის დამცირება, შეურაცხყოფა.
ჩვენ შევწყვეტთ პროტესტს, როდესაც იქნება 300-ლარიანი მატება, იქამდე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით გაფიცულები“, – ამბობს „ტვ პირველთან“ საუბარში ერთ-ერთი გაფიცული.
„როცა ერთ უბანზე უნდა მუშაობდეს 10-12 ადამიანი, ამუშავებენ 2 კაცს. ეს არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებზეც დგას ეს ქარხანა“, – ამბობს კიდევ ერთი თანამშრომელი.
გაფიცულები ქალაქში არსებული საწარმოების თანამშრომლებს თანადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქარხანა გაჩერდება მანამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„ეს ქარხანა გაჩერდება მანამდე, სანამ ჩვენი ღირსეული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ეს ის მოთხოვნა არ არის, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ, მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც ქარხანას შეუძლია ხალხისთვის უპრობლემოდ.
ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება, დამამცირებელი შემოთავაზებები. ეს უკვე იყო ბოლო წვეთი, რამაც გვაიძულა ჩვენ აქ დავმდგარიყავით და გვებრძოლა ჩვენი უფლებებისთვის“, – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპანიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
„რუსთავის აზოტი“ სიდიდით საქართველოში ერთ-ერთი პირველი სამრეწველო საწარმოა, სადაც დასაქმებულია 2000-ზე მეტი თანამშრომელი.
2023 წლიდან „რუსთავის აზოტი“ კორპორაცია „ინდორამას“ ნაწილი გახდა. კორპორაცია „ინდორამა“ აერთიანებს მინერალური სასუქების, ინდუსტრიული ქიმიკატებისა და სხვადასხვა ქიმიური პროდუქტის მწარმოებელ საწარმოებს. კორპორაცია ფლობს 160-ზე მეტ საწარმოს მსოფლიოს 38 ქვეყანაში, მათ შორის ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და ლათინური ამერიკის კონტინენტებზე და დასაქმებული ჰყავს 45 000 ათასზე მეტი ადამიანი.