თბილისის სააპელაციო სასამართლოში „დეკემბრის აქციებზე“ დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის დასკვნითი სიტყვა მოისმინეს. სიტყვის ბოლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ ბრალდების მხარეს ორგანიზებულობის ნაწილზე დამატებით ჰკითხა:
მოსამართლე თეა ლეონიძე: პირველი ინსტანციის სასამართლო რაშიც არ დაგეთანხმათ, იყო ის, რომ აღნიშნული არ იყო ჯგუფური ძალადობის ორგანიზება; და რომ იყო ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. სასამართლოს აინტერესებს, კონკრეტულად რომ ბრძანოთ, რაში გამოიხატებოდა ეს ორგანიზება?…
პროკურორი ვაჟა თოდუა: რაც შეეხება ორგანიზებას, ამ საქმეშიც წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარეს დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართ არსებული მტკიცებულებები, რომელიც ამ საქმის ნაწილი იყო, თუმცა ცალკე მოხდა მისი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში. იმ სისხლის სამართლის საქმეზე დაადგინა სასამართლომ, რომ ადგილი ჰქონდა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას და ასევე დაადგინა, რომ რამდენიმე პირის მიერ არსებობდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტი… შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გამოყოფილ საქმეზეც და ამ შემთხვევაშიც დადგენილია დანაშაულის ორგანიზების ფაქტი… დადგინდა, რომ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას… ბრალდების მხარე თავიდანვე ამბობდა, რომ ნაწილი მათგანი [ორგანიზატორების] არ იყო დადგენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მოქმედებები არ იყო ორგანიზებული;
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი: ბატონო ვაჟა, თუ იმ საქმეზე მიღებული განაჩენი რაიმე კავშირში არის ამ საქმესთან, [მაშინ უნდა წარმოგედგინათ]; თუ კავშირში არ არის, მაშინ ნუ საუბრობთ ამ საქმის განხილვისას;
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: არ არსებობდა არავითარი ობიექტური შემაფერხებელი გარემოება, რომ თუ ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ რაიმე ფორმით [ე.წ. 8 პირის საქმეზე მიღებული განაჩენი] რელევანტური იყო განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, მტკიცებულების სახით წარმოედგინა და დაერთო ამ საქმეზე. ამის გათვალისწინებით, ძალიან გთხოვთ არ მიიღოთ მხედველობაში, ან მინიმუმ [..] შეაფასეთ, ბრალდების მხარის მიერ გაცემული პასუხი, რომ თითქოსდა რაიმე არის დადგენილი ამ სისხლის სამართლის საქმეში. არათუ რაიმე დადგენილი არ არის, არამედ წარმოდგენილიც არ არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტით.
სხდომაზე საკითხს გამოეხმაურა ანდრო ჭიჭინაძეც – მან კვლავ ისაუბრა იმაზე, რომ საქმეზე არაა დადგენილი არც ორგანიზებულობის და მსჯავრდებულებს შორის არც ერთმანეთთან კავშირის საკითხი.
„მოსამართლის მოტივაციაში სიტყვა არ ეწერა იმაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. რა კავშირი არსებობს ე.წ. ორგანიზატორებსა და ე.წ. ჯგუფის წევრებს შორის, სიტყვა არ ეწერა. ყველაფერს ხომ სჭირდება პასუხი, როგორ, მით უმეტეს, იურისპრუდენციაში.
მეც მინდა, რიტორიკული შეკითხვა მაინც დავსვა, როგორ ან რა კავშირი არსებობდა ე.წ. ორგანიზატორებსა და ე.წ. ჯგუფის წევრებს შორის, იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ორგანიზატორებს ეძახიან – ერთს საქმეში აქვს, რომ რაღაც ვიდეო არსებობს და მე პირადად თვალით არ მაქვს ნანახი და მე მგონი, ბიჭების უმეტესობასაც არ აქვს ნანახი და გამოქვეყნებულია პირველ რიცხვში და მეორე ვიდეო გამოქვეყნებულია, თუ არ ვცდები, 3 დეკემბერს. ყოველ შემთხვევაში, საქმის მასალებში ეგრე ეწერა.
ჰოდა თუ ერთადერთი მტკიცებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ეს ადამიანები ორგანიზატორებს ეძახიან, ეს ვიდეოებია მარტო და ჩვენ 28-ში, 29-ში, 30-ში და პირველის საქმეებზე ვართ დაჭერილები, რა კავშირები არსებობს?
იმათაც რაღაც აბსურდს ედავებიან, ეს როგორც ჩანს, მაგრამ უბრალოდ კავშირიც არ დგინდება და იქნებ ამ ადამიანებმა სცადონ მაინც და გაგვაგებინონ, რა კავშირი არსებობდა და სხვა ორგანიზატორებს რომ ახსენებენ, სხვა ორგანიზატორები საერთოდ რა შუაში არიან? ვიმარჩიელოთ, რომ ვიღაცამ რაღაცა სადღაც ანტიგუა და ბარბუდაში დააორგანიზა, რა შუაშია ჩვენთან?
რაც საქმეში დევს, იქიდან გამომდინარე, იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გაგვცეთ პასუხი, რაზეც ლაპარაკობენ, ეს ესეაო, მოყვნენ კონკრეტულად, ეს როგორ მოხდა, მეტი არაფერი არ მაინტერესებს. თუ იტყვიან და თუ ლოგიკურ კავშირს დაადგენენ, ხმას არ ამოვიღებ. ვერ ადგენენ“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 5 თებერვალსაა ჩანიშნული. სასამართლო ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს.
რას მოითხოვენ მხარეები?
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირის მიმართ წაყენებული ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი) სსკ-ის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა ან ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს – რაც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მსჯავრდებულებს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. ისინი სასამართლომ ჯგუფური მოქმედების მონაწილეებად მიიჩნია.
მსჯავრდებულები სააპელაციო საჩივარში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ.
პროკურატურა კი განაჩენს კვალიფიკაციის ნაწილში არ ეთანხმება და მოითხოვს, მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით.