საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც თავს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერს უწოდებს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს წერილით მიმართავს.
წერილის ავტორები ივანიშვილს სთხოვენ „მისი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით უშუამდგომლოს რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ“.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.
მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და პროფესიულ დიალოგზე დაფუძნებული პროცესი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას“. – ნათქვამია წერილში.
სტუ-ის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა:
- თსუ-სთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.
- ან მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე.
წერილი ასე მთავრდება:
„პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერები.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება”.
9 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. მესამე დღეა, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.