18 თებერვალს ევროსაბჭოს წამების კომიტეტი საქართველოს შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

პუბლიკა

18 თებერვალს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტი (CPT) საქართველოს შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

ინფორმაცია „პუბლიკას“ ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტში დაუდასტურეს.

ანგარიში მოიცავს 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში კომიტეტის ვიზიტებს საქართველოში ვიზიტებს.

ევეოსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის წევრები საქართველოში 2024 წლის 18-დან 29 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ.

მაშინ დელეგაციამ შეისწავლა წინასწარი დაკავების იზოლატორებში მყოფი ადამიანების სამართლებრივი დაცვის მექანიზმები, მათ შორის თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მდგომარეობა.

დელეგაცია ასევე გაეცნო ვითარებას რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში. კომიტეტის წევრებმა ასევე მოინახულეს სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც შეისწავლეს პაციენტების მკურნალობისა და საცხოვრებელი პირობები, და განიხილეს არანებაყოფლობით ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი გარანტიების გამოყენების პრაქტიკა.

რაც შეეხება 2025 წლის ვიზიტს – ის 21-22 იანვარს შედგა. მაშინ ევროსაბჭომ გავრცელებულ პრესრელიზში მიუთითა, რომ ეს ვიზიტი იყო შესაძლებლობა, შეეფასებინა გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დაკავებული პირებისადმი მოპყრობა.

ვიზიტების ფარგლებში CPT კომიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ იუსტიციის მაშინდელ მინისტრ რატი ბრეგაძეს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ნიკა ცხვარაშვილს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მაშინდელ უფროს კოკა კაციტაძეს. ასევე, ამ უწყებების სხვა თანამშრომლებს.