„ქართული ოცნების“ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს.
სამინისტროს ცნობით, გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.
მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს.
„დადგინდა, რომ ექიმების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე.
ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“.
ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, კანონმდებლობის ფარგლებში.