„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებაზე საუბრობს, სადაც, მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა.
ყაველაშვილის მტკიცებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ „ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება“.
„იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამი. საკმაოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იყო, სადაც გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთთან გასაუბრების და ამ ფორმატში სასიამოვნო იყო, რომ მისალმების შემდეგ მარკო რუბიო მომესალმა და შემდეგ ჯეი დი ვენსთან პატარა, თბილი, გულწრფელი და პოზიტიური საუბარი შედგა.
ძალიან თბილად მოიხსენია ჩვენი ქვეყანა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. გაკვირვებული ვიყავი, თუ რამდენად ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, ტრადიციების მიმდევარი. პატრიარქიც კი ახსენა, ამას მოაყოლა რომ ლოცვის დღე, 17 მაისი დააფუძნეს სულ ახლახანს და რომ ვუთხარით, რომ ჩვენ 10 წლის წინ, პატრიარქის ინიციატივით, ზუსტად 17 მაისი გამოცხადდა ოჯახური სიწმინდის დღედ საქართველოში, რა თქმა უნდა, გაეხარდა და ესიამოვნა.
ასეთი გულწრფელი, თბილი ურთიერთობა იყო. შეიმჩნეოდა კიდეც, მგონი, საზოგადოებამ ნახა სურათები. როცა საუბრობ ოჯახურ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, მითუმეტეს ქრისტიანულ ღირებულებებზე, ძალიან თამამები ვართ ქართველები. თან ისიც განვუცხადეთ, რომ 17000 წელს აღვნიშნავთ წელს.
რა თქმა უნდა, მცირე საქმიანი საუბარიც შედგა. მისი მხრიდან გაჟღერებული იყო, რომ დიახ, ისინი ფლობენ ინფორმაციას და აუცილებლად მოხდება უფრო მჭიდრო ურთიერთობების განახლება. ბევრი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, მან განაცხადა, რომ ისინი ინფორმირებული არიან, კიდევ მეტ ინფორმაციას იღებენ და აუცილებლად ეცდებიან, რომ განაახლონ ჩვენთან ურთიერთობა“, – თქვა ყაველაშვილმა.
„ოცნების“ პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან „უფრო საქმიანი“ საუბარი შედგა და მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციისგან „საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ საქართველოსთან მიმართებაში“.
„მეორე დღეს სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან შედგა უფრო საქმიანი საუბარი. მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში…
უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი, ჩვენ ქვეყნასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს […]
რუბიომ განაცხადა კიდეც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი“, – თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნების“ პრეზიდენტი და „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ.
ადმინისტრაციის ცნობით, საუბრისას „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე“.
2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.
სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.