თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებათა კვლევაზე გადავიდა. დღეს, 13 თებერვალს პროცესზე დაცვის მხარის მოწმე, აქციის მონაწილე ნატო ბოლქვაძე დაიკითხა. მან პროცესზე 31 ივლისს მომხდარი გაიხსენა:
„2025 წლის 31 ივლისს ვიმყოფებოდი აქციაზე, რუსთაველის გამზირზე სხვა მონაწილეებთან ერთად… 11-ისკენ იყო საათი, როგორც მახსოვს. ჩემს გვერდით მდგომ აქციის მონაწილეს ვესაუბრებოდი პარალელურად რაღაცებს და ზუსტად ამ დროს გვესმის ფრაზა – „ქათმები”.
ფრაზა იყო საკმაოდ აგრესიული და ზიზღნარევი ტონით ნათქვამი. სხვათაშორის, იმ ტონალობაში და იმ სიმაღლით, რომ განცდა გიჩნდება, რომ უნდათ, რომ გაგაგონონ, მაგრამ არ გიყურებენ… დანარჩენ ნაწილში რა ფრაზები თქვა ზუსტად ვეღარ გავარჩიე”, – განაცხადა მოწმემ.
ნატო ბოლქვაძის თქმით, ინციდენტის დროს არ იცოდა, თუმცა შემდეგ გაიგო, რომ ეს პირი ბექა გოცირიძე იყო. მოწმის თქმით, შემდეგ გაეცნო კიდეც გორიციძის მიერ ჩაწერილ ვიდეოებსაც, სადაც ის რუსთაველის აქციის მიმართ აგრესიას გამოხატავდა.
„როდესაც უკვე ეს ინციდენტი მოხდა, მერე გავიგეთ, რომ ბექა გოცირიძე იყო. აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან აგრესიული ყოფილა ჩემს მიმართ, პოსტ-ფაქტუმ გადავავლე თვალი უკვე ვიდეოებსაც, მის მიერ ჩაწერილს.
[ვიდეოებში] იყო გინება, რაღაც საშინელი გინება ჩვენ მიმართ, იყო ცემისკენ მოწოდება – ანუ მოდით, წავიდეთ, მივიდეთ რუსთაველზე – ესინი ვინ არიან, რატომ უნდა იდგნენ იქ, ანუ ძალადობისკენ მოწოდება”, – განაცხადა მოწმემ.
ნატო ბოლქვაძის თქმით, ბექა გოცირიძის მიერ ამ ფრაზის თქმას მოჰყვა შელაპარაკება და შემდეგ კონფლიქტი.
„როდესაც გავიგეთ სიტყვა „ქათმები” ბექა გოცირიძის მხრიდან, ამ დროს, პარალელურად, ჩემს უკან აქციის ერთ-ერთი მონაწილე საპასუხოდ კომენტარს გაუკეთებს ამ ფრაზაზე. ეს იყო მინდია, როგორც აღმოჩნდება. კითხვის ფორმით უწყინარი ფრაზა იყო მისგან – „ვის მიმართავ ასე” – დაახლოებით ეს. ზუსტი ფრაზა არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ძალზედ უწყინარი ფრაზა იყო.
[ამის შემდეგ] უცნაურად, ძალიან სწრაფად ტრიალდება [ბექა გორიციძე], მოდის ჩვენკენ, გაეჭიმება მინდიას, ჩვეულებრივად როგორც ხდება ხოლმე. ამ დროს ადამიანები იწყებენ თავმოყრას, რომ გაერკვნენ – რა ხდება. მოდის თორნიკეც ჩვენკენ… შემდეგ მიტრიალდება და ეჯახება თორნიკეს… კორპუსით…. ამის შემდეგ უკვე იწყება შეხლა-შემოხლა. შემდეგ უკვე მოძრაობით ეს პროცესი ცოტა გამშორდა, დიაგონალზე წავიდა, პირველი სკოლის მიმართულებით მოძრაობდნენ ყველანი, მე ადგილზე დავრჩი”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მოგვიანებით, როდესაც ბექა გოცირიძე გაიყვანა პოლიციამ, ამის შემდეგ გაიგეს, რომ ამ შეხლა-შემოხლის დროს ბექას აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიმართ ხელიც დაურტყამს – „ეს არის გაიოზ კალანდაძე, რომელიც ჩვენთან ერთად ხშირად დგას აქციაზე”, – განაცხადა მან.
საქმეზე მომდევნო პროცესი 13 მარტს ჩაინიშნა.
რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს?
16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით პოლიციამ პროტესტის ორი აქტიური მონაწილე – თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დააკავა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.
მინდიასა და თორნიკეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით ედებათ.
პროცესზე დაიკითხა საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე. მან თქვა, რომ პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულების მიმართ და არ იქნება წინააღმდეგი თუ მათ გირაო შეეფარდებათ და გათავისუფლდებიან. მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.