ევროპარლამენტარი, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D) წევრი ნაჩო სანჩეს ამორი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის, დაანონსებულ ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება“ დასჯადი გახდება.
ნაჩო სანჩეს ამორმა კომენტარი „პუბლიკასთან“ გააკეთა.
„ეს არის სრული ავტორიტარული სვლა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არსებული ყოველი საშინელი კანონმდებლობა, რაც კი ოდესმე შექმნილა ან თუნდაც არ შექმნილა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოიყენა ნებისმიერი სახის კრიტიკაზე თავდასხმისა და შევიწროებისათვის. ეს ბოლო კანონპროექტი, იმ კანონპროექტის დაანონსება, რომელიც მთავრობის უარყოფას ან დელეგიტიმაციას ეხება, რეპრესიული პოზიციის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ის, რომ პოლიტიკური პოზიცია, უარყო მთავრობის ლეგიტიმაცია იმის გამო, რაც არჩევნებზე მოხდა, კრიმინალიზებული იქნება, ნამდვილი სიგიჟეა. ისინი ყველანაირ ფანტაზიას მიმართავენ, რათა მოძებნონ ყველა გზა კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად“, – თქვა ნაჩო სანჩეს ამორმა.
ის, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება და 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება, ცნობილი 16 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს გრანტებისა და პარტიების შესახებ კანონებში ცვლილება.
თავის მხრივ, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც რეპრესიულია. ახალი ცვლილებებით, გრანტად მიიჩნევა სხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის, ან იურიდიული პირისითვის გადაცემული ფულადი ან ნატურალური სახსრები და სჭირდება „ქართული ოცნების“ მთავრობის ნებართვა.
ევროპარლამენტარმა „პუბლიკასთან“ ევროკავშირიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ EU სათანადოდ არ რეაგირებს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საქართველოში.
ნაჩო სანჩეს ამორმა თქვა, რომ უსარგებლოა სანქცია, რომლითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეუწყდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
„ჩემი ლოგიკა ასეთია: იმ მცდელობის შემდეგ, როცა სურდათ, შეექმნათ იმ ადამიანების სია, რომლებსაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალებოდათ, საბჭო საბოლოოდ მივიდა დიპლომატიური პასპორტების [სანქცირების] იდეამდე. მაგრამ ყველას აქვს მეორე პასპორტი, ამიტომ ეს სანქცია უსარგებლოა და ჩვენ სხვა გზა უნდა ვიპოვოთ. მე მაშფოთებს ის, რომ დიდი აჟიოტაჟი, შეშფოთება და განცხადებებია მაშინ, როცა საქმე რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეხება, მაგრამ ევროკავშირში არ არის შეშფოთების იგივე დონე, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეების უფლებებზე და ეს დასაგმობია.
ვგულისხმობ, რომ ვაკრიტიკებ, მსურს, რომ მკაცრად გავაკრიტიკო ევროკავშირი, რადგან მხოლოდ მაშინ, როცა საკითხი რუსეთს უკავშირდება, ევროკავშირისგან არის რეალური პასუხი და რეაქცია მხოლოდ, მაგრამ „კამიტთან“და საკითხებთან დაკავშირებით სიტუაცია ნამდვილად ცუდია“, – თქვა მან.
ევროპარლამენტარმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩი „მფერებლის“ პოზიციის გამო, თუმცა, არ დაუსახელებია ქვეყანა და ელჩი.
„ვიცი, რამდენად რთულია იყო ელჩი თბილისში, თუ შენს საქმეს ჯეროვნად აკეთებ. შევნიშნე, რომ ევროკავშირის ელჩი ბოლოს და ბოლოს შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ წარმომადგენელს, რათა ევროკავშირის კრიტიკა გადაეცა. ეს სწორი ნაბიჯია ჩვენი ელჩის მხრიდან, მაგრამ არიან სხვა ელჩები, რომლებიც დუმან. არიან სხვა ელჩები, რომლებიც ესწრებიან შეკრებებსა და ღონისძიებებს, რაც ძალიან მაბრაზებს.
ვფიქრობ, უნდა გამოვიკვლიოთ, ზოგიერთი ელჩის ეს „მფერებლის“ პოზიცია მათი დედაქალაქების ბრძანებაა თუ პირადი პოზიცია. რადგან ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია, გავზომოთ ერთგულება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ, ელჩებია. არის ზოგიერთი ელჩი – არ მინდა ვინმეს დასახელება, რომლებსაც ნამდვილად უცნაური დღის წესრიგი აქვთ მაშინ, როცა ავტორიტარულ მთავრობას უყურებენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.