გელა ხასაიას საქმის პროკურორმა მარიამ წულაიამ დღეს, 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე საქმეში არსებული ვიდეომკიცებულებები გამოიკვლია – ამით, მისი თქმით, ბრალდების მხარემ ბრალდებულებისა [გელა ხასაია, ვასილ ქერდიყოშვილი] და დაზარალებულის [რამაზ ჩადუნელი; და თანმხლები პირის] მხოლოდ გადაადგილების ფაქტი დაადასტურა.
რაც შეეხება პროკურატურის ვერსიას, რომ გელა ხასაიამ იძალადა დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელზე, აღნიშნულის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება საქმეში არაა. პროკურორი ამბობს, რომ „უშუალო ძალადობის ადგილზე“ კამერა დამონტაჟებული არ იყო.
„ვიდეოსამეთვალყურეო კამერები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული არ ყოფილა, ეს ჩანაწერები ადასტურებს მათი გადაადგილების ფაქტს შემთხვევის დღეს. რაც მოხდა შემთხვევის ადგილას, უშუალოდ ძალადობის ფაქტი – აქ კამერები არ იყო დამონტაჟებული“, – განაცხადა მან.
ადვოკატ, ომარ ფურცელაძის თქმით, „პროკურატურა გპირდებოდათ, რომ საქმეში არსებობდა დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა, თქვენი თვალით ნახეთ, რომ არავითარი დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა არ არსებობს”.
დაცვის მხარის შეფასებით:
„დადასტურდა, რომ ე.წ დაზარალებული, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში „მოტეხილი ხელით” მიათრევს საორიენტაციოდ 20 კილოგრამიან სკუტერს და დროგამოშვებით იმავე ხელით უპრობლემოდ იყენებს მობილურ ტელეფონს;
გელა ხასაია შემთხვევის ადგილზე ფიქსირდება შემთხვევამდე 27 წუთით ადრე და მოგვიანებით, შემთხვევიდან 6 წუთის შემდეგ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გაივლის რადიკალურად განსხვავებული მიმართულებიდან მომავალი;
დადასტურდა, რომ სხვა მოწმეების მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ტყუილია და ეწინააღმდეგება ვიდეომტკიცებულებებს”, – ეხმაურება საკითხს მოგვიანებით ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
პროკურატურა ხასაიასა და ქერდიყოშვილს დაზარალებულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.
გელა ხასაია ბრალს არ აღიარებს.