სიიარტრო: უნგრეთი დაბლოკავს სანქციების მე-20 პაკეტს, სანამ არ აღდგება „დრუჟბის“ მილსადენი

პუბლიკა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უნგრეთი დაბლოკავს რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებას, სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ხვალ, 23 თებერვალს გეგმავს.

პიტერ სიიარტრომ X-ზე დაწერა:

„ხვალ საგარეო საქმეთა საბჭოზე ევროკავშირი სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას გეგმავს. უნგრეთი მას დაბლოკავს. სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მილსადენის, ჩვენ არ დავუშვებთ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინ წაწევას“.

სანქციების ახალი, მე-20 პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას. ევროკავშირი სრულად აკრძალავს საზღვაო/საპორტო მომსახურებას რუსული ნედლი ნავთობისთვის.

სანქციების სიას დაემატება „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 43 გემი. ასე სანქცირებული გემების რაოდენობა 640-ს მიაღწევს. გარდა ამისა, სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად ამუშავდება „გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი“ (Anti-circumvention tool)

მანამდე, 20 თებერვალს უნგრეთმა გაახმოვანა კიდევ ერთი მუქარა, რომ დაბლოკავს $90-მილიარდიანი სესხის გაცემას უკრაინისთვის, თუ „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდება არ აღდგება.

სესხის საბოლოო დამტკიცება 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანად შეჭრიდან 4 წლის თავზე იგეგმებოდა. მანამდე, 2025 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სესხის მიცემას, მათ შორის, ამას დათანხმდნენ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ქვეყანაში გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით ცდილობს ანტი-უკრაინული განწყობების ინსტრუმენტალიზაციას. არჩევნებზე, რომელიც აპრილშია დანიშნული, ორბანს ძალაუფლების დაკარგვა ემუქრება.

უკრაინას, აპრილიდან სახსრები ეწურება, შესაბამისად, მისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი $90-მილიარდიანი სესხის დაკარგვა მნიშვნელოვანი საფრთხეა. კიევს გაუჭირდება საომარი მოქმედებების გაგრძელება ახალი დაფინანსების გარეშე, რაც მას არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება.

კიევი უარყოფს უნგრეთის ბრალდებებს, რომ უკრაინამ მილსადენი მიზანმიმართულად შეაჩერა და აცხადებს, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსული დარტყმების შედეგად დაზიანდა.

უნგრეთის ბრალდებების საპასუხოდ, ევროკავშირში უკრაინის საელჩომ ევროკომისიას წერილით მიმართა და სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების გაგრძელება შესთავაზა „ან უკრაინის ნავთობის სატრანსპორტო სისტემის, ან საზღვაო მარშრუტის მეშვეობით“.

წერილში, რომელიც POLITICO-მ ნახა, ნათქვამია: „უკრაინა მუდმივად ადასტურებს თავის მზადყოფნას, უზრუნველყოს ნავთობის ტრანსპორტირება არსებულ სამართლებრივ ჩარჩოებში“.