„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ 2008 წლის ომი „მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაიწყო“. ამის შესახებ მან რუსეთის არმიის წინააღმდეგ 1921 წელს კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნისადმი პატივის მიგებისას განაცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტებმა შეახსენეს თეა წულუკიანის სიტყვები გიორგი ანწუხელიძის შესახებ, როდესაც მან საქართველოს ეროვნული გმირის თავდადება შეაფასა, როგორც „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, რაზეც „ოცნების“ პრემიერმა თქვა:
„თეა წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი ანწუხელიძე და სხვა გმირები შეეწირნენ მიხეილ სააკაშვილის და მისი სისხლიანი რეჟიმის ავანტიურას…
[სააკაშვილს შეეძლო ომის არიდება?] თავიდან არიდება კი არა თვითონ დაიწყო ომი, არიდება რა შუაშია. თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გიორგი ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას. ერთი მეორეს არ გამორიცხავს … ომი და ამას მოჰყვა რუსული ოკუპაცია.
2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერა ხელი მაშინდელმა რეჟიმმა, რომელშიც აღიარა ომის დაწყება. ეს მე არ გამიკეთებია, მასე წერია. ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში ომი გადაიზარდა ქართული მხარის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბობმბვის შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აღიარეს ომის დაწყება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მარო მაყაშვილთან დაკავშირებით შეკითხვას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ოკუპაცია მოხდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი.
„თქვენ იცით, იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. რა თქმა, უნდა ამ ოკუპაციას შეეწირა მარო მაყაშვილი. ეს იყო საბჭოთა არმია, ბუნებრივია, რუსული წამყვანი ძალა იყო საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა ძალა იყო და რუსები იყვნენ ძირითადად წარმოდგენილნი საოკუპაციო ძალაში“, – თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის თავიდან არიდება, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„1921 წელს მეეჭვება, შესაძლებელი ყოფილიყო. თუ სხვა მიმართულებით მიგყავთ საუბარი, 2008 წელს, სააკაშვილს შეეძლო, არ დაეწყო ომი. იმ პერიოდში განხორციელდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია. ამ საერთო სურათს თუ გავითვალისწინებთ, მყარადაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1921 წელს ოკუპაციის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. რაც შეეხება 2008 წელს, 2008 წელს ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და აღიარა ომის დაწყება. შედარებისთვის არ გამოგადგებათ 1921 და 2008 წლები“.
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.
ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.
2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.
2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.
საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა. სამხედრო ესკალაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.
7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა.
2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
2008 წლის სექტემბერში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.
2021 წლის პირველ იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”.
სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
მაშინ სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.