„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი ხვალ განიხილავს, „ნაგავში გადააგდებს“.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მახაშვილმა თქვა, რომ „ამ დოკუმენტს ღირებულება არ აქვს“.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე: „ნაგავში ყრით რეზოლუციებს?“, მახაშვილი პასუხობს: „ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და მერე უკეთესი მიზნებისთვის ვიყენებთ”.
„მე ამ რეზოლუციას, ისევე, როგორც წინა რეზოლუციებს, ამოვბეჭდავ, „დავაშრეტერებ” და ნაგავში გადავაგდებ. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებს ღირებულება არ აქვს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ საერთო მიზნებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად გვეთანამშრომლა და მათ შორის, დოკუმენტები გამოყენებული ყოფილიყო ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, თუმცა ვნახეთ, რომ ეს ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ფურცლები იყო, მეტი არაფერი, რომელსაც საქართველოსთვის არანაირი ფასი არ აქვს. რაც გავუკეთე წინა რეზოლუციებს, გითხარით და იმავეს გავუკეთებ.
ნაგავში არა, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ მერე უკეთესი მიზნებისთვის, რომელსაც მეტი ღირებულება აქვს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. 7 რეზოლუცია იყო საქართველოს შესახებ და ეს იქნება მერვე“, – ამბობს ლევან მახაშვილი ipn-ის თანახმად.
25 თებერვალს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.
ანგარიშში, რომელიც ჯერაც ღიაა შესწორებებისთვის, დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება; ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.