ბოჭორიშვილი: ელჩისგან არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა გადაწყვეტილებას, რაც მიიღო ლონდონმა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ „ელჩს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება“, რის საფუძველზე დაუწესა სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ სამთავრობო პროპაგანდისტულ „იმედსა“ და „POSTV“-ის.

როგორც ბოჭორიშვილმა თქვა, მან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მოუსმენია ის, თუ რას დაეფუძნება ეს შეფასებები.

„დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინსიტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან. სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ან „პოსტივის“ ვიმნე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას.

ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, განემარტა, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ. მტკიცებულება ან რაიმე დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას, მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის შეფასებები, რომლებსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია, თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი თვლიან, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას ან რამენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ის ბრალდებები, რომლებსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომლებსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ, ამას სჭირდება მტკიცებულებები და მათ წარმოსადგენად იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ რაღაცა საფუძველი მაინც ჰქონდათ.

მე მინდა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ელჩისგან არ მომისმენია… 40 წუთის განმავლობაში არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა“, – თქვა ბოჭორიშვილმა.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში პროპაგანდისტული „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირების შემდეგ დაიბარეს. ელჩმა უწყება კომენტარის გარეშე დატოვა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში და სწორედ ეს გახდა სანქციების დაწესების მიზეზი.

დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვას მოიცავს.

სანქციების დოკუმენტში ორივე სამთავრობო ტელევიზიის შემთხვევაში ნათქვამია:

„ის თავის აუდიტორიას, რომელიც უმეტესად საქართველოშია, აწვდის და აწვდიდა განზრახ მცდარ ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

კერძოდ, იგი რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმური არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ“.