„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთიდან საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილის შვილი და რძალი გაიტაცეს.
სუს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.
დღეს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების შესახებ განცხადება გაავრცელა.
უწყება კატეგორიულად გმობს 17 აპრილს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს. უწყების განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვას უკვე მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვა.