ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს, რომ სასამართლომ სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა.
ორგანიზაცია 11 ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა და თითოეულისთვის 100 ათასი ლარის კომპენსაციას მოითხოვდა.
სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდა დაავალა.
PHR-მა კომპენსაციის ოდენობის ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ამავდროულად, დაკისრებული თანხის ოდენობა გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
„საქმის განხილვა, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ PHR-მა სასამართლოში სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის 2024 წლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში შეიტანა. აღნიშნულ პერიოდში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა სასამართლოს ოთხჯერ მიმართა.
PHR-ის პოზიციის თანახმად, მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“, – წერს ორგანიზაცია.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის შეფასებით, პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, უთანაბრდებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა.