რამდენიმე ევროპული ქვეყანა ევროკავშირის წევრი კვიპროსის დასაცავად სამხედრო-საზღვაო დახმარებას გაგზავნის მას შემდეგ, რაც კუნძულზე მდებარე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროზეტომ განაცხადა, რომ იტალია კვიპროსის დასაცავად „საზღვაო აქტივებს“ გაგზავნის ესპანეთთან, საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ერთად. კროზეტოს თქმით, სამხედრო ძალების განლაგება უახლოეს დღეებში მოხდება.
ამავე დროს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან დაურეკა იტალიისა და საბერძნეთის ლიდერებს და ისინი კვიპროსში სამხედრო რესურსების გაგზავნაზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, Reuters-ის ცნობით, საფრანგეთი კვიპროსში დრონების და რაკეტების საწინააღმდეგო სისტემებს გაგზავნის, ასევე განალაგებს ფრანგულ ფრეგატს (შორეულ საბრძოლო-სადაზვერვო გემს) სახელად „ლანგედოკი” და დაეხმარება ავიამზიდით. საბერძნეთი გაგზავნის F-16 საბრძოლო გამადგურებლებს და სამხედრო ხომალდებს, ხოლო იტალია გეგმავს საზღვაო შენაერთებისა და საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის გაგზავნას.
ამავე დროს, გავრცელებული ინფორმაციით, რომი დამატებით ამზადებს საჰაერო თავდაცვის, ანტი-დრონულ და ანტი-სარაკეტო სისტემებს სპარსეთის ყურის სტრატეგიული პარტნიორებისთვის მისაწოდებლად.
კვიპროსში ფრეგატებს გაგზავნიან ნიდერლანდები და ესპანეთიც.
ირანული დრონით თავდასხმა კვიპროსის სამხრეთ ნაწილში განლაგებულ ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე 1-2 მარტის ღამით განხორციელდა. კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, „შაჰედის“ უპილოტო საფრენი აპარატი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა „აკროტირიში“ (RAF Akrotiri) მდებარე სამხედრო ობიექტებს შეეჯახა, რამაც „მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“.
BBC-ის ცნობით, ევროპული ქვეყნების მიერ სამხედრო სისტემების გაგზავნის შესახებ განცხადებამდე დღეს, 5 მარტს კვიპროსში 10 წუთის განმავლობაში ისმოდა განგაშის სიგნალები „აკროტირის“ სიახლოვეს დაფიქსირებული საფრთხის გამო.
კვიპროსის მთავრობის სპიკერმა, კონსტანტინოს ლეტიმბიოტისმა მოგვიანებით თქვა, რომ ხელისუფლებამ შეამოწმა ინფორმაცია შესაძლო ობიექტის (დრონის) შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, არ არსებობდა იმის ნიშნები, რომ ის ბრიტანული ბაზებისკენ მიემართებოდა.
კვიპროსშია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი, ჯონ ჰილი.