ივანიშვილი საათებს უძღვნიდა, რომ პოლიტიკოსების ცხოვრება დეტალურად განეხილა - მარგველაშვილი

პუბლიკა

„მმართველი პარტიის ლიდერმა, რომელიც არის მმართველი ძალის იდეოლოგი, ვერ მოახერხა და საზოგადოებას თავისი პოზიცია ვერ უთხრა ამ საკითხებზე. თავისი გავლენისა და რესურსის პოზიციონირებაც ვერ მოახერხა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე – რატომ არ ჩანს ივანიშვილი? – ის პასუხობს:

„არ ვიცი, რატომ არ ჩანს. ეს არის ადამიანი, რომელიც საათებს უძღვნიდა, კონკრეტული პოლიტიკოსების ცხოვრება დეტალურად განეხილა, ხასიათი დეტალურად განეხილა; ლარის თემაზე განემარტა, ჩვენ როგორ უნდა მოვქცეულიყავით და ა.შ. პლუს დღეს კიდევ გადააქვს ხეები – [ესაა] ჩვენი პარტიის ლიდერი, რომელზეც მართლა უკვე რელიგიური კულტის კონტექსტში ლაპარაკობენ მისი პარტიის წევრები. რატომ არ ჩანს, მე ვერ გეტყვით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება ხელისუფლების მუშაობის შეფასებას კორონავირუსის წანააღმდეგ ბრძოლაში, მარგველაშვილი ამბობს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკა და კონკრეტული გეგმის შემუშავება.

„მე დღეს მაინტერესებს, როგორ დაეხმარნენ ყველაზე გაჭირვებულებს; მე დღეს მაინტერესებს, როგორ გაიხსნება ინერნეტვაჭრობა; მე დღეს მაინტერესებს ეკონომიკის გადარჩენა. ამის მაგივრად დღეს მთელი დღის განმავლობაში და არამარტო დღეს, კარგად ხანია, ვისმენ ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს, პირდაპირს და ხან ირიბს.

დღეს მთავარი არის იმაზე საუბარი როგორ ეკონომიკურ პაკეტს გვთავაზობენ, რა ეკონომიკურ ხედვას გვთავაზობენ. მოკლევადიანს – ამ აკრძალვების დროს, საშუალოვადიანს, როდესაც ნელ-ნელა აკრძალვები უნდა მოიხსნას და გრძელვადიანს. ეს არის ხელისუფლების საქმე.

… ხელისუფლებას რამდენიმე რამე უნდა გაეკეთებინა – ეკონომიკის არჩამოშლის უზრუნველყოფა, სწორი და გასაგები კომუნიკაცია აკრძალვების თაობაზე, ტესტირების შემოტანა და უმწეოთა დახმარება. რომელია აქედან უზრუნველყოფილი?! და ამ დროს ჩვენ გვესმის, რომ გამოდიან უმაღლესი თანამდებობის პირები  და ასე გველაპარაკებიან, რომ „მულო შენ გეუბნები, რძალო, შენ გაიგონეო”. ამის დრო არის ახლა?”, – განაცხადა მარგველაშვილმა.