შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს უკანასკნელ წლებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაზე.

პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარლამენტი „კანონებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ იღებს და აქტიურად მუშაობს ქართული დემოკრატიის დაცვაზე“.

„მან, აგრეთვე, დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, გააგრძელოს მუშაობა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე. ამ კუთხით, შალვა პაპუაშვილმა ახსენა პარლამენტის მიერ გასულ წელს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.

შალვა პაპუაშვილი მიესალმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და მისი თანმხლები დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და მადლიერება გამოხატა ღია და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის მზაობისთვის. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირის ობიექტური ანგარიშის მნიშვნელობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მხარეებმა დაადასტურეს დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პერე ჟოან პონ სამპიეტრომ განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საერთო პლატფორმაა დიალოგისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში, ეუთომ შეინარჩუნოს რელევანტურობა და შეძლოს ეფექტიანი საქმიანობის განხორციელება.

„მან აღნიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი საქართველოში საოკუპაციო ხაზზე ვიზიტით დაიწყო და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, – წერია ინფორმაციაში.