მარინე ჩიტაშვილი : „ჩვენ ვკარგავთ ფსიქოლოგის კვალიფიკაციას“

პუბლიკა

„ჩვენ ვკარგავთ ფსიქოლოგის კვალიფიკაციას“ – დარგის სპეციალისტების შეფასებით, „ქართული ფსიქოლოგიური სკოლა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.“

„ქართული ოცნების“ მიერ უმაღლესი განათლების მიმართულებით ცვლილებების დაანონსებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან, მნიშვნელოვნად შემცირდება იმ სახელმწიფო უნივერსიტეტების რაოდენობა, რომლებიც დღემდე ფსიქოლოგიის პროგრამებს სთავაზობდნენ სტუდენტებს.

უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად შემცირდება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტების მისაღები კონტინგენტი; გარდა ამისა, ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა შესაძლოა 120 კრედიტიდან 60 კრედიტამდე შემცირდეს.

დღემდე, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლებოდა, ცვლილებების შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან, მხოლოდ 3 უნივერსიტეტი შესთავაზებს სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებს ფსიქოლოგიის მიმართულებით, განახევრებელი მისაღები სტუდენტების რაოდენობით.

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, აქამდე 4 სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობდა სტუდენტებს სამაგისტრო პრობრამებს, ცვლილების შედეგად, მომავალი სასწავლო წლიდან სამაგისტრო პროგრამები მხოლოდ 2 სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება. ამ შემთხვევაშიც მისაღები სტუდენტების რაოდენობა განახევრებულია.

ფსიქოლოგიის შემთხვევაში შემცირდება სწავლის ხანგრძლივობა, შესაბამისად სასწავლო კრედიტების რაოდენობა. ვინაიდან, ცვლილებების მიხედვით, საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა,უნდა დაინერგოს 3+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას.

პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა და ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებმა განათლების მინისტრს უკვე მიმართეს განცხადებით, არ შეამცირონ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა 1 წლამდე – უფრო კონკრეტულად კი, შეიტანონ ცვლილება მინისტრის ბრძანებაში და გამონაკლისი პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგიის მიმართულებით 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამა დაამატონ.

როგორც მიმართვის წერილში დარგის სპეციალისტები განმარტავენ, ფსიქოლოგიის სამაგისტრო საფეხურის 60 კრედიტამდე შეკვეცა „გამოიწვევს ნაკლები და არაკვალიფიცირებული, არაკონკურენტუნარიანი ფსიქოლოგების მომზადებას, რაც დაგვაშორებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტს“.

4 მარტს პრაქტიკოსი ფსიქოლოგების და პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა, 700-მდე ხელმოწერით, ფსიქოლოგმა მარინე ჩიტაშვილმა განათლების მინისტრის სახელზე ოფიციალურად დაარეგისტრირა.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას მარინე ჩიტაშვილი განმარტავს, თუ ბაკალავრიატი 180 კრედიტამდე შემცირდება და მაგისტრატურა მხოლოდ 60 კრედიტი იქნება, საქართველოში მომზადებული ფსიქოლოგების განათლება აღარ იქნება თავსებადი საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან, ეს გამოიწვევს ნაკლებად კვალიფიციური და არაკონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას.

როგორც დარგის სპეციალისტები განმარტავენ,  ევროპის ფსიქოლოგთა ასოციაციების ფედერაციისა და ბოლონიის პროცესის პრინციპების მიხედვით, ფსიქოლოგის დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელია მინიმუმ 300–360 კრედიტის ქონა.

ეს სტანდარტი გულისხმობს რამდენიმე ეტაპს: პირველი ეტაპია მინიმუმ 5–6 წლიანი უმაღლესი განათლება – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, რაც ჯამში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 კრედიტს.

თუმცა, როგორც მარინე ჩიტაშვილი განმარტავს, შემოთავაზებული ცვლილებების პირობებში საქართველოში ფსიქოლოგიის მიმართულებით შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 240 კრედიტის დაგროვება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში მომზადებული ფსიქოლოგების კვალიფიკაცია ვერ მიაღწევს საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტს.

მეორე ეტაპი დიპლომის შემდგომი პროფესიული პრაქტიკაა. ევროკავშირის ქვეყნებში პროფესიული რეგისტრაციისთვის საჭიროა დამატებით მინიმუმ 60 კრედიტის მოცულობის პრაქტიკა სუპერვიზიის ქვეშ კონკრეტულ მიმართულებაში.

საქართველოში კი ასეთი პროფესიული რეესტრი ამ დრომდე არ არსებობს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში მიღებული განათლება მინიმუმ 300 კრედიტს მოიცავდეს, რათა შესაძლებელი გახდეს მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგების მომზადება.

„ჩვენთან ფსიქოლოგია არ გახლავთ რეგულირებადი პროფესია. ძირითადი მომზადება მიმდინარეობს უნივერსიტეტში. მაგისტრატურის შემცირება 60 კრედიტამდე, ფაქტობრივად, გულისხმობს შემდეგს: ჩვენ უნივერსიტეტიდან ვერ გავუშვებთ კვალიფიციურ ფსიქოლოგებს.

ჩვენ ვერ ვიქნებით გარანტი, რომ ნებისმიერ დარგში, სადაც ფსიქოლოგები მუშაობენ, საზოგადოებას გაუწევენ კვალიფიციური დახმარებას, ფსიქოლოგის ფუნქციას შეასრულებენ“, – ამბობს მარინე ჩიტაშვილი და განმარტავს, რომ ბაკალავრის პასუხისმგებლობასა და მაგისტრის პასუხისმგებლობას შორის არის ერთი პრინციპული განსხვავება:

ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ყოველთვის მუშაობს კვალიფიცირებული სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს საშუალო სკოლის შემდეგ ზოგადი განათლების ფსიქოლოგიაში მიღებას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ არის სპეციალიზაცია. სპეციალიზაცია ხდება მაგისტრატურაში, ამიტომ სთავაზობენ უნივერსიტეტები სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით მაგისტრატურის პროგრამებს.

„და რაც მთავარია, ფსიქოლოგის მომზადება ეფუძნება კიდევ ერთ მოდელს – მკვლევარი პრაქტიკოსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ადამიანს უნდა შეეძლოს სამეცნიერო კვლევის ჩატარება. იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ფსიქოლოგს უწევს მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში – იქნება ეს შრომის ფსიქოლოგად მუშაობა, იქნება ეს სკოლა თუ კლინიკა – ფსიქოლოგს აუცილებლად სჭირდება უნარები, კვლევითი უნარები, რომლებიც არ მისცემს მას საშუალებას, რომ დაუშვას პრინციპული შეცდომა.

60-კრედიტიან მაგისტრატურაში 30-კრედიტიანი სამაგისტრო ნაშრომის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამიტომ ამ 60-კრედიტიანმა, ასე ყველასათვის ხელაღებით შეკვეცილმა მაგისტრატურამ, ჩვენს შემთხვევაში – ანუ ფსიქოლოგების შემთხვევაში, ფაქტობრივად ასე დააყენა საკითხი – ჩვენ ვერანაირად თავსებადი ვეღარ ვხდებით იმ სტანდარტთან, რომელიც მუშაობს ევროპაში.

… ჩვენ ვკარგავთ ფსიქოლოგის კვალიფიკაციას. ანუ ვკარგავთ რა თვალსაზრისით? დიპლომში ეწერება, რომ ის არის ფსიქოლოგი და რეალურად ის არ იქნება ფსიქოლოგი“,- ამბობს მარინე ჩიტაშვილი.

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია „ერთი ქალაქი – ერთი უნივერსიტეტი“ – სახელმწიფო უნივერსიტეტებს განესაზღვრებათ პროფილი, რომელ პროგრამებზე ექნებათ აბიტურიენტების მიღების უფლება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში.

მარინე ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ცვლილებით ფსიქოლოგიის მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამაზე კი მიუთითებს, ერთი მხრივ, სტუდენტების მისაღები კვოტების მნიშვნელოვანი შეკვეცა ფსიქოლოგიის მიმართულებით. მეორე მხრივ კი, მარინე ჩიტაშვილის შეფასებით, მაგისტრატურის მიმართულებით უქმდება სრულიად უნიკალური სამაგისტრო მიმართულებები, რომელთა შექმნაშიც წლების განმავლობაში პროფესიონალების დრო და დიდი შრომა ჩაიდო.

მარინე ჩიტაშვილი, ასევე ყურადღებას ამახვილებს ბოლონიის პროცესის პრინციპებზე და ამბობს, რომ ბოლონიის პროცესი სწორედაც რომ გულისხმობს უნივერსიტეტების ავტონომიურობას გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რომელ პროგრამაზე ექნებათ მაგისტრატურა 60-დან 120 კრედიტამდე.

„მე უბრალოდ გაოცებული ვარ, რატომ იღებენ ადამიანები თავის თავზე პასუხისმგებლობას, გაატარონ რაღაცა ტიპის ცვლილება, რომელიც წინააღმდეგობაშია იმ ხელშეკრულებასთან, რომელთანაც ჩვენ ვართ მიერთებული ან რომლისკენაც ჩვენ გვინდა, რომ წავიდეთ.

მოქმედი ხელისუფლება აცხადებს რომ 2030 წლისათვის ისინი მზად იქნებიან ევროკავშირთან ინტეგრაციისათვის და შემიძლია გითხრათ, რომ თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისათვის ჩვენ განათლების მიმართულებით უკვე აღარ ვიქნებით მზად ევროინტეგრაციისათვის.

… მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიმართვას გაითვალისწინებენ და თუ არ გაითვალისწინებენ, მაშინ შემიძლია გითხრათ, რომ ათ წელიწადში სერიოზული დეფიციტი გვექნება ქვეყანაში სერვისის განმახორციელებელი კვალიფიციური ფსიქოლოგების“,- უთხრა „პუბლიკას“ მარინე ჩიტაშვილმა.

განათლების რეფორმაში ცვლილებების შეტანას ითხოვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოც.

საბჭო საჭიროდ მიიჩნევს საბაკალავრო პროგრამაზე არსებული 150-ადგილიანი კვოტის გაზრდას და სამაგისტრო საფეხურზე მოქმედი, თითო პროგრამაზე 5-5 ადგილით განსაზღვრული შეზღუდვის გადახედვას.

ცვლილებები ფსიქოლოგიის პროგრამებში: უნივერსიტეტები და კვოტები მცირდება

თუკი დაანონსებული ცვლილებები განხორციელდება, ბაკალავრიატზე ფსიქოლოგიის სწავლება ექვსიდან სამ სახელმწიფო უნივერსიტეტამდე შემცირდება, მაგისტრატურაზე კი ნაწილი მიმართულებები იხურება და სტუდენტთა მისაღები კვოტები განახევრდება.

დაანონსებულ ცვლილებებამდე ბაკალავრიატის დონეზე ფსიქოლოგია ისწავლებოდა 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

ცვლილებების ამოქმედების შემდეგომ, უკვე მომავალი სასწვალო წლიდან ბაკალავრიატზე, სტუდენტებს მიიღებს ამათგან მხოლოდ სამი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

მაგალითისთვის, თსუ-ის შემთხვევაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა 325 კვოტიდან 150 კვოტამდე მცირდება.

რაც შეეხება მაგისტრატურას, ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი,- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ სტუდენტებს ვეღარ მიიღებს.

ილიას უნივერსიტეტი ისეთ  სამაგისტრო პროგრამაზე ვეღარ მიიღებს სტუდენტებს, როგორიცაა სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია და კლინიკური ფსიქოლოგია.

დანარჩენ ორ უნივერსიტეტში კი მისაღები სტუდენტების რაოდენობა განახევრებულია, 10-დან 5 სტუდენტამდე.

უფრო დეტალურად იხილეთ ცხრილზე: