ევროკომისიის სპიკერი შივონ მაკგარი ყულევის პორტის შესახებ „პუბლიკის“ კითხვის პასუხად ამბობს, რომ მაკა ბოჭორიშვილმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან „ჩრდილოვანი ფლოტის“ არც ერთ ტანკერს არ მიეცემა ყულევის პორტში შესვლის უფლება“.
მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ასევე აიღო ვალდებულება, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის რეექსპორტს.
ევროკომისია განიხილავდა ყულევის პორტის სანქცირებას რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებთან ურთიერთობისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის“.
„ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის სანქციებს“, – განაცხადა შივონ მაკგარმა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით შეატყობინა, რომ ყულევის პორტი არ მოხვდება სანქციების მე-20 პაკეტში. წერილის თანახმად, გადაწყვეტილება გადაიხედა მას შემდეგ, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.
„დევიდ ო’სალივანმა, მიიღო არაერთი პირობა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი საქმიანობა შეწყდება. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან არცერთ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ მიეცემა პორტში შესვლის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტენ რეექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რამდენად სრულდება ეს რეალურად“, – ამბობს სპიკერი.
სიობჰან მაკგარმა ასევე თქვა, რომ დამატებითი გარანტიები მიღებულია აზერბაიჯანული „სოკარისგანაც“, რომელიც ყულევის პორტის ოპერატორია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოვერიდებით ზომების მიღებას ნებისმიერი იმ აქტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად შეეცდება ჩვენი სანქციების ეფექტიანობის შესუსტებას“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
ინფორმაცია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტი შესაძლოა შესულიყო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტში, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა 9 თებერვალს.
გამოცემა წერდა, რომ სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებული იყო სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კაია კალასი არ ადასტურებდა, თუმცა, არც უარყოფდა, რომ ყულევის სანქცირების საკითხი განიხილებოდა.
ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიას „სრული ინფორმაცია მიაწოდა“ და რომ აღნიშნლი ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.
2026 წლის 10 მარტს სამთავრობო პროპაგანდისტულმა „იმედმა“ გამოაქვეყნა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის წერილი, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა და რომლითაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი არ დაუწესებს სანქციებს ყულევის ნავთობტერმინალს, ვინაიდან „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.
წერილში ო’სალივანი მიუთუთებს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ (Shadow Fleet) წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების სანქცირებით; იგი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელი ლოგისტიკური ჯაჭვისა და ფართო ეკოსისტემისკენ“.
გარდა ამისა, წერილში ო’სალივანი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები იმ მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქცირებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს“.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს – ის ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. მის მიღებას ხელი უნგრეთმა შეუშალა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ განაცხადა, რომ ისინი ხელს უშლიან რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებას, სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას იმავე საბაბით.
POLITICO-ს წყაროების ცნობით, ბუდაპეშტი შესაძლოა რუსულ სანქციებს ბლოკავდეს იმის გამო, რომ უნდათ, ევროკავშირისგან 16 მილარდი ევროს სესხი თავად მიიღონ SAFE ინსტუმენტის (მოქმედება ევროპის უსაფრთხოების) ფარგლებში. SAFE 150 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მექანიზმია, რომელიც ევროკავშირმა 2025 წლის მაისში მიიღო წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამრეწველო წარმოებისა და ერთობლივი შესყიდვების გასაძლიერებლად.