ათწლეულების შემდეგ პირველად თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

ათწლეულების შემდეგ პირველად თურქეთი სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობას იწყებს.

კერძოდ, თურქეთმა მოხსნა შეზღუდვები, რაც ორმხრივი ვაჭრობის იმგვარად წარმართვის საშუალებას იძლევა, რომ საზღვრის გადაკვეთამდე საჭირო აღარ იყოს საქონლის ხელახალი რეგისტრაცია მესამე ქვეყნის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ვაჭრობისა და სხვა მიზნებისთვის სომხეთ-თურქეთის დიდი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის ოფიციალურ გახსნამდე კიდევ არაერთი ნაბიჯია გადასადგმელი, სომეხმა და თურქმა ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასეს.

2022 წელს თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცათ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის, თუმცა შემდეგ თურქეთი აცხადებდა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში პროგრესი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიღწევების წინაპირობაა.

თურქეთმა სომხეთთან საზღვარი თავდაპირველად 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს ჩაკეტა.

თურქეთის მიერ დღეს, 13 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას წინ უძღოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ფრაზა, რომელიც საზოგადოებამ შემთხვევით ჩართული მიკროფონის გამო გაიგო, – გუშინ წინასაარჩევნო აქციაზე ის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ეუბნებოდა: „თურქები დღეს ხსნიან [ვაჭრობას], მოდით, საგარეო უწყების პრესსპიკერისთვის ტექსტი მოვამზადოთ“.

„სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცების ისტორიული შესაძლებლობის გათვალისწინებით, თურქეთი კვლავაც შეიტანს წვლილს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობის წინსვლაში რეგიონის ყველა ქვეყნისა და ხალხის სასარგებლოდ“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხური მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ნორმალიზების საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც „კარგი ამბავი ბიზნესმენებისთვის“.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა განაცხადა:

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის გადაწყვეტილებას სომხეთის რესპუბლიკასთან ორმხრივ ვაჭრობაზე შეზღუდვების მოხსნის შესახებ, რაც სომხეთ-თურქეთის ნორმალიზების პროცესის კიდევ ერთი შედეგია.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ნორმალური ურთიერთობების განვითარებისკენ, რასაც ლოგიკურად შეიძლება მოჰყვეს სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება“.

მასლაა მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია წაიკითხეთ აქ.