ყაველაშვილი: ჩვენ ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, რომ ის ადამიანები, ვინც უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე

პუბლიკა
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ ყაველაშვილს გადაცემის წამყვანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. მისი თქმით, დელეგაციასთან კონსტრუქციული, გულწრფელი და სამართლიანი საუბარი შედგა. მისი თქმით, შეხვედრაზე შეწყალების საკითხზეც ისაუბრეს.
„თხოვნას ვერ დავარქმევ, მან ეს საკითხი დააყენა“, – განაცხადა ყაველაშვილმა. როგორც ყაველაშვილმა თქვა, საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სახელობითად არავისზე არ უსაუბრიათ, თუმცა „რა თქმა უნდა, პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი. კონკრეტული სახელები და გვარები არ უთქვამს, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ ამ ძალებთან დაკავშირებულ პიროვნებებზე ჰქონდა აქცენტი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე, პასუხი ვეღარ გამცა. რომ გამოვა, არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს, აუცილებელია, ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც ჩაიდინა. ვიღაცა რომ მთხოვს, რომ კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ გამოვიდეს ეს ადამიანი, მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს… ამის გარანტიას ისინი ვერ გაძლევენ და ვერც მოგცემენ… თავი ჩაღუნა, იმიტომ, რომ არ არსებობს ასეთი რამე და ჩვენ ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, ის ადამიანები, ვინც უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე. ჩვენ დემოკრატიული თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს და მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მარტში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები. შეხვედრები გამართეს სხვადასხვა აქტორებთან. შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე ყაველაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს. შეხვედრები გაიმართა პარლამენტშიც. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. მათ, ასევე, ითხოვეს პენიტენციურ დაწესებულებებში პოლიტპატიმრებთან შეხვედრა, მათ შორის მზია ამაღლობელთან, თუმცა ადმინისტრაციისგან უარი მიიღეს. ვიზიტის ბოლოს შემაჯამებელ განცხადებაში ასამბლეამ ყველა მხარეს მოუწოდა, დაიწყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა დიალოგის აღსადგენად „მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობას“. – აღნიშნული იყო განცხადებაში.