დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეკლესია იყო გამონაკლისი ადგილი, სადაც რაიმე სახის ერთობა იყო შესაძლებელი და ამ ერთობის მრავალრიცხოვნებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ნუგეშის სიტყვა, რომელიც პატრიარქს ამ დრომდე ჰქონდა ქართველების დიდი ნაწილისთვის.
ომების შედეგად სისხლისგან დაცლილ და გაღატაკებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს საარსებო საშუალებების მოპოვების ახალი წესები უნდა მოეძებნათ, გაჩერდა მატერიალური წარმოება, მაგრამ გაიზარდა სულიერი წარმოება (მაგრამ არა მეცნიერებასა და ხელოვნებაში) და მის მთავარ პროდუქტად გამოკრისტალდა ნუგეში, რომლის ადრესატად იქცა ყველა.
მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეძლო, რომ მის წიაღში ნუგეში ეპოვა ყველას – პრივატიზაციის პირველი ტალღის პროცესში გამდიდრებულებსაც და წარმოების საშუალებებს ძალადობრივად დაშორებულებსაც, პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებსაც და პუტჩის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებსაც, ცხოვრების ნანგრევებში მოყოლილებსაც და ამ ნანგრევების ჯართად გამზიდავსაც. მან შეძლო და გახდა ინტელიგენციის ეკლესიაც და უბრალოთა ეკლესიაც. ეკლესია მსხვერპლისაც და ჯალათისაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის გახდა კოლექტიური ერთობის გამომხატველი მთავარი ინსტიტუტი და ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო იმ ეკონომიკურმა და კულტურულმა პოლიტიკამ, რომელიც ჩვენთან 2004 წლიდან იკიდებს ფეხს და რომელსაც ნეოლიბერალურს უწოდებენ. (ნეოლიბერალური – ანუ იმგვარი, როცა თითქოს ყველანაირი უფლებით ხარ აღჭურვილი, ჩიტივით თავისუფალი ხარ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ხარ, მაგრამ შესაძლებლობა და გარანტიები არაფრის გაქვს. რადგან შენი ცხოვრების პირობებს განსაზღვრავენ სხვა, ნამდვილი ბატონ-პატრონები, რომლებთანაც შენ ვითომდა თანაბარი უფლებები გაქვს).
ნუგეშის პასუხად ეკლესიამ არნახული ნდობა მიიღო, თუ გნებავთ ჭარბი ნდობა, რომელიც არამატერიალური კაპიტალის სახით აკუმულირდა. მაგრამ ყველა სხვა სახის კაპიტალი მიდრეკილია, რომ იქცეს მატერიალურ კაპიტალად. ამდენად, ეკლესიამ დიდი ნდობა კი მიიღო ქართველებისგან, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ თანდათან ამ ნდობის კონვერტირება დაეწყო სარგებელში.
მიღებულ სარგებელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიწა. სახელმწიფოს შემდეგ ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიწის მფლობელია. ხოლო მიწის ფლობასთან და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრივილეგიებთან ერთად, იერარქების მიერ საკუთარი თავის ისტორიის მიღმა მყოფ, ტრადიციულ ინტელიგენციად წარმოდგენა, რომელიც სულ იყო და სულ იქნება, მათ ძალიან ამსგავსებს მიწათმფლობელ არისტოკრატიას.
მაგრამ დავუბრუნდეთ წარმოებას და მის შედეგად შექმნილ ღირებულებას.
სადაც არსებობს წარმოება, იქ ეჭვგარეშე იარსებებს ისიც, ვის შრომაზეც ეს წარმოება დგას, ის, ვინც ქმნის ღირებულებას – რადგან შრომაა „ღირებულების შემქმნელი სუბსტანცია“. ვინ არის ის, ვისი სამუშაო ძალაც მოძრავ (ან უძრავ) მდგომარეობაში, ვისი შრომაც ქმნის ღირებულებას, რომელსაც ეკლესიის იერარქები ცვლიან მიწაზე, ფულზე, ბიზნესზე, პრივილეგიებზე?
ცხადია, ეს არის მრევლი.
სწორედ მრევლის ცოცხალი დასწრება ეკლესიებში წარმოადგენს ამავდროულად ცოცხალ შრომასაც. ეს აუნაზღაურებელი შრომაა, უფრო ზუსტად, თავისებურად ანაზღაურებული, მაგრამ არა ეკლესიის მიერ. ემილ დურკჰეიმი შენიშნავდა, რომ რწმენას, ფილოსოფიისგან განსხვავებით, არ შეუძლია იარსებოს პირადი განაზრებების სიჩუმეში. რწმენა სითბო, სიცოცხლე და შთაგონებაა, მდგომარეობა, რომელშიც ინდივიდი საკუთარ თავზე მაღლდება. მაგრამ ის ვერ გახდება საკუთარ თავზე მეტი, თუ მხოლოდ საკუთარ თავს და ძალებს დაეყრდნობა. ამისთვის სხვები გვჭირდება – ერთადერთი მორალური ძალა, რომელსაც შეუძლია გაგვაძლიეროს, ეს არის ძალა, რომელსაც გვაძლევს სხვა. მრევლი სიხარულით, იმედით და აღელვებით ეფიცხება ერთად ყოფნის სითბოსა და სიხარულს, და მისი ეს ძალისხმევა ქმნის ღირებულებას, რომელსაც საეკლესიო იერარქია ისაკუთრებს.
ამ ღირებულების შექმნის პროცესს აქამდე წყვეტა არ ჰქონია, რადგან უწყვეტი იყო მრევლის ცოცხალი დასწრება ეკლესიებში, მისი ცოცხალი შრომა. და ახლა ეკლესიის იერარქთა სახიფათო სიჯიუტე გამოწვეულია იმითაც, რომ მათ არ იციან, რა მოჰყვება ამ წყვეტას, რა შედეგს მოიტანს ის, გამოდგება თუ არა მედეგი მათ მიერვე შექმნილი რელიგიური ჰაბიტუსი და ეს პანდემიაზე მეტადაც აშინებთ. ეს აჩვენებს, რომ მრევლს არ ენდობიან. არ ენდობიან იმათ, ვინც საკუთარი იმედი და რწმენა ანდო. და ეს აჩვენებს კრიზისს ნუგეშის წარმოებაში.
რამდენიმე თვის წინ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაში საგულისხმო ფრაზა წარმოთქვა:
„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი… ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს ვუშველოთ. ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ჩვენი ყოფა“.
ეკლესიის სიმყარეს ახლა ვირუსთან ერთად იერარქების სიჯიუტე და მრევლის მსხვერპლად შეწირვის მზაობა ემუქრება. მაგრამ ეკლესიაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი მაღელვებს. რომელსაც ნუგეში და უკეთესი მომავლის ჰორიზონტი ერთდროულად და ერთნაირად სჭირდება. სჭირდება ახლაც და დასჭირდება შემდეგაც, როცა „ყოველივე მყარი განქარდება“.