გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გამართული დებატების დროს პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ შემწირველები მილიონიან ტენდერებს იგებენ და ეს პრაქტიკა, სავარაუდოდ, ახლაც გრძელდება.
„ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა. ე.წ. ენჯეობი ატრიალებენ ამას. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბიზნესმენები გვწირავენ ჩვენ თანხებს და ამ ბიზნესმენების გარკვეული ნაწილი ტენდერებში მონაწილეობს, აქ არავითარი კორუფცია არაა. ეს ჩვეულებრივი მანიპულაცია და სპეკულაციაა, ბიზნესის სრული თავისუფლების პირობებში. ბიზნესს დღეს რომ უნდა მმართველი პარტიისთვის ფულის შეწირვა, აქ არაფერი კორუფცია არაა და მერე ამ ბიზნესმენების მცირე ნაწილი ტენდერში მონაწილეობს სამართლიან პირობებში. მთლიანად გამჭვირვალე გავხადეთ ეს პროცედურა. ნებისმიერს შეუძლია, შევიდეს და თანაბარ პირობებში მოიგოს ტენდერი“, – თქვა კობახიძემ.
დებატების ბოლოს ჰერმან საბო ბიზნესის მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს კვლავ დაუბრუნდა. მისი თქმით, 10 წელია, პოლიტიკაშია და ის ფაქტი, რომ ბიზნესს პოლიტიკაში თითქმის აკრძალული აქვს ფულის ჩადება, იცის ყველამ. „არ არსებობს პოლიტიკაში იყო, ბიზნესი მოდიოდეს და ფულს დებდეს. მაშინ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ როგორი დონაციები მიდის, ვნახეთ.“ – განაცხადა ჰერმან საბომ.
„რაც შეეხება იმას, ბიზნესს უნდა თუ არა პოლიტიკაში ფულის ჩადება, მე მგონი, არავის უნდა გაუკვირდეს, როცა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ბიზნესის გათავისუფლებაა, ასეთ პირობებში არსებობს ინტერესი მმართველი პარტიის დაფინანსებისა და სტაბილურობის შენარჩუნების, მით უფრო, როცა ასეთი პოლარიზებულია გარემო. დღეს ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის დაფინანსება შეუძლია, თუ ამის სურვილი აქვს.“ – თქვა კობახიძემ.
2023 წლის დეკემბერში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალათ.
ბიზნესსუბიექტებისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვას ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი სულ ბოლო ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა 2026 წლის 4 მარტს მიიღო, მესამე მოსმენით. 20 000 ლარით დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
განმეორების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს.
იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვის ფონზე პარტიების შემოწირულებებზე 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ შემწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით.“ – წერს „გამჭვირვალობა საქართველო“ 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ანგარიში კი, რომელიც 2005 წლის სექტემბრის ჩათვლით მდგომარეობას ასახავს, ვკითხულობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 4.1 მლნ ლარის ოდენობის შეწირულობა მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შეწირულობის 60%-ია.
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2024 წლიდან 588 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებში გაიმარჯვა, 2015 წლიდან კი 2.51 მილიარდის ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული.
ტენდერების დიდი ნაწილი „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულ ისეთ მსხვილ სამშენებლო კომპანიებს აქვთ მოგებული, როგორიცაა „ანაგი“, „გზა“, „ცეკური“ და სხვა.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს 2024 წლიდან 5.5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები აქვთ მიღებული, 2015 წლიდან კი — 204 მილიონის.
„ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 30-მა კომპანიამ 2015-2024 წლებში 16 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო სუბსიდია მიიღო. „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა 54-მა კომპანიამ 2017-2024 წლებში 1.4 მილიონი კვ.მ. სამშენებლო ნებართვები მიიღო.“ – ვკითხულობთ TI-ის ანგარიშში.