„მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე უჩა ნანუაშვილი გამოიკითხა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა უფლებადამცველი უჩა ნანუაშვილი.

უჩა ნანუაშვილი გამოკითხვაზე „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა.

გამოკითხვიდან გამოსულმა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს.

„მე არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ „მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით ეს გამოძიებაც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დარღვევაა ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, „მოსკოვის მექანიზმთან” ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით ექნებათ  კომუნიკაცია.

ეს ორგანიზაცია ან პირი უნდა იყოს დაცული და ხელისუფლებას ეკრძალება ნებისმიერი სახის ზეწოლა, თუნდაც დაბარება, როგორც დღეს მოხდა. დღეს ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს არის სერიოზული დარღვევა ეუთოს მოთხოვნების, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს“, – განუცხადა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ.

გამოკითხვაზე შესვლამდე უფლებადამცველმა განაცხადა, რომ ის ეუთოს ექსპერტს დაეხმარა იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებზეც კითხვები ჰქონდა.

„მე დავეხმარე ექსპერტს იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაზეც მას ჰქონდა კითხვები. დაკავშირება სურდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, აინტერესებდა ანგარიშები, რომელიც ჩვენ გვქონდა მომზადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მე მას ყველაფერში დავეხმარე და მივაწოდე ეს ინფორმაცია. ეს არის უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების დაშინება, რომ არავის მომავალში აღარ ჰქონდეს სურვილი იკონტაქტოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, — განაცხადა ნანუაშვილმა.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა. ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურადაა აღწერილი 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.

ამავე ანგარიშში მოცემულია „ქართული ოცნების“ მთავრობის პასუხი – მეთოდოლოგიის შესაბამისად, ხელისუფლებას ანგარიში გამოქვეყნებამდე ეგზავნება.

ეუთო მიუთითებს, რომ ანგარიში მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან შეზღუდულ დროში – 14 დღეში მომზადდა.