93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე გარდაიცვალა. ის 49 წლის განმავლობაში მართავდა ეკლესიას. საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ არ ყოფილა პატრიარქი, რომელსაც ეკლესია ამდენი წლის განმავლობაში ემართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებები და სასულიერო ლიდერები მსოფლიოდან პატივს მიაგებენ პატრიარქის ხსოვნას და სამძიმრის წერილებს ავრცელებენ:
საეკლესიო საზოგადოება:
მიტროპილიტი ეპიფანე, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი: „მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომლის ცხოვრებაც ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა.
თავისი პატრიარქალური მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, იგი მრავალი მორწმუნისთვის სულიერ წინამძღოლად რჩებოდა, ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ. ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ის ფაქტი, რომ მან მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელიც რუსეთის მიერ სრულმასშტაბიან შემოჭრას განიცდის.
პატრიარქ ილია II-ის ფიგურა განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისმა მსახურებამ მრავალი ადამიანი შთააგონა, დაეხმარა განსაცდელების დაძლევასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით რუსი დამპყრობლების მიერ პროვოცირებული ომების დროს.
გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებს, სასულიერო პირებს და ყველა მორწმუნეს, რომლებმაც დაკარგეს წინამძღვარი, ასევე ქართველ ხალხს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამაც იყო.
ვლოცულობთ, რომ ჩვენმა მამამ თავისი მსახური თავის ზეციურ სამყოფელში მიიღოს. უფალმა თავის სამეფოში გაანათლოს ახლად გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სული და ნუგეში, სიმშვიდე და სულიერი ძლიერება მიანიჭოს ყველას, ვინც ამ დანაკარგს გლოვობს. მარადიული და ნათელი ხსოვნა მას!”
პატრიარქი კირილი, რუსეთი: „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვთქვამ იმ მძიმე დანაკლისის გამო, რომელიც დაატყდა თავს ჩვენს დას – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ყოვლისშემძლე უფალმა ძველი ივერიის ეკლესიას უბოძა პატრიარქი, რომელმაც მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე მის კეთილმოწყობაზე დაუღალავ ზრუნვას მიუძღვნა.
უწმინდესისა და უნეტარესი ილიას თითქმის ორმოცდაათწლიანი პატრიარქობა მთელი ეპოქა გახდა საქართველოს ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის ცხოვრებაში.
თავისი მოშურნეობითი მსახურებითა და განსჯის განსაკუთრებული ნიჭით, განსვენებულმა მოიპოვა გამორჩეული ავტორიტეტი და ღრმა პატივისცემა არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საზოგადოებრივ წრეებშიც ერთმორწმუნე საქართველოში. უამრავი ბავშვის ნათლიამ, მან ნამდვილი სულიერი მამის ადგილი დაიკავა კეთილმსახური ქართველი ერისათვის, რომელიც ხედავდა, რომ მასში იყო „ღვთის სიბრძნე“ (3 მეფ. 3:28).
განსვენებული კათოლიკოს-პატრიარქი მხარს უჭერდა ტრადიციულ კეთილ ურთიერთობებს ჩვენს ეკლესიასთან. მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მიღებული განათლების შემდეგ, იგი სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა სიყვარულს ღირსი სერგეისადმი და მისი სავანისადმი; აუცილებლად მიიჩნევდა ამა სოფლის სტიქიონთაგან ჩვენი ხალხების ქრისტესმიერი სულიერი ერთობის დაცვას.
რუსეთის ეკლესიის საზღვრებში არაერთი ვიზიტისას, იგი მუდამ ხვდებოდა ყველაზე გულთბილ დამოკიდებულებასა და პატივისცემას მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მორწმუნეების მხრიდან.
მართლმადიდებელ წინამძღოლთა შორის ასაკით უხუცესს, თავისი ბრძნული სიტყვით, მდიდარი გამოცდილებით, ღრმა ეკლესიურობითა და მაღალი ავტორიტეტით, მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა წმინდა ღვთის ეკლესიათა მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში.
გვწამს, რომ მისი სულიერი ანდერძი დარჩება საიმედო ორიენტირად ჩვენს საერთო მართლმადიდებლურ ოჯახში, რაც დაგვეხმარება ყველას, „შევინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს. 4:3).
პირადად ჩვენ ძალიან კეთილი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა გვაკავშირებდა, რაც საშუალებას გვაძლევდა გაგვეცვალა მოსაზრებები და ობიექტური შეფასება მიგვეცა საბჭოთა კავშირში მაშინდელი საეკლესიო-სახელმწიფოებრივი ურთიერთობებისთვის.
ამ ნდობამ ძალიან დაგვაახლოვა და დაგვეხმარა ერთობლივ მუშაობაში, რათა შეგვემსუბუქებინა უღმერთო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ტვირთი და უკეთესობისკენ შეგვეცვალა მართლმადიდებელი ეკლესიების მდგომარეობა ჩვენს მაშინდელ ერთიან ქვეყანაში. უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც არის „აღდგომა და სიცოცხლე“ (ინ. 11:25), განუსვენოს თავისი ერთგული მსახურის სულს ზეციურ სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა ღაღადება, არამედ სიცოცხლე იგი დაუსრულებელი.“
საუკუნო და ლოცვითი ხსოვნა ახლადშესვენებულ უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას. ღრმა სამძიმრით და ქრისტესმიერი სიყვარულით,
კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი“
პატრიარქი დანიელი, რუმინეთი: „ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები ჩვენი საყვარელი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ – ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”.
ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და სიცოცხლე” (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი. დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!”
გარეგინ II, სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქი: „მის უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი მსახურება იყო რწმენის სიმტკიცისა და თავდადებული სულიერი წინამძღოლობის ნათელი მაგალითი. მისი პატრიარქობა საქართველოში გამოირჩეოდა სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრებისა განმტკიცებით. რთულ დროს პატრიარქი დაღუპული ხსოვნისა მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის მრევლს, მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიის განხორციელებას.
„ყოვლად დიდებულ ღმერთს ვთხოვ, ანუგეშოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და მეგობარი ქართველი ხალხს მწუხარების ამ პერიოდში, ვუსურვებ, რომ მისი უწმინდესობის ხსოვნა მუდაბ ცოცხლობდეს მისი მორწმუნე შვილების გულებში და გახდეს ინსპირაციის წყარო მომავალი თაობებისთვის.“
ევანგელურ ბაპტისური ეკლესია:„საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და მშვიდობის საკათედრო ტაძარი ღრმა მწუხარებას გამოხატავენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი აღსასრულით დასრულდა ნახევარსაუკუნოვანი, რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის სამღვდელოებასა და მრევლს, აგრეთვე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მძიმეა ეს დანაკლისი.უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი”.
საელჩოები/საერთაშორისო ორგანიზაციები:
აშშ-ის საელჩო საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა” – ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის საელჩო საქართველოში: „თბილისში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ”.
შვედეთის საელჩო საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას”.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში:„საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ქართული ეკლესიის 141-ე წინამძღვრის გარდაცვალების გამო.
როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში, ის იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე, უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელმაც გააერთიანა ქართველები და ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიაში ეროვნული ერთიანობა დაამკვიდრა. საბჭოთა ოკუპაციიდან ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენამდე და დღესაც, მან უმთავრესი როლი ითამაშა ქვეყნის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში. გახლდათ რა ქართველი ერის საყრდენი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში და განსაკუთრებული სიბრძნით დაჯილდოებული, მისი უწმინდესობა ტოვებს სიყვარულისა და შეუდრეკლობის გზავნილს, ურყევ რწმენას, სულიერ რენესანსსა და 50 000-მდე ნათლულს.
მისი გავლილი გზა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული თანამედროვე საქართველოს ცხოვრებასთან. გარდამავალ, ასევე რთულ პერიოდში, მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის ფიგურამ, რომელსაც საქართველოს სუვერენიტეტისადმი ღრმა ერთგულება ამოძრავებდა. ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველ ხალხის მწუხარებას”.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები: „არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე-პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ, მისმა უდიდებულესობამ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანმა, მსგავსი წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს“
იაპონიის საელჩო საქართველოში: „იაპონიის საელჩო საქართველოში, უსამძიმრებს ქართველ ხალხს და გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს”.
ავსტრიის საელჩო საქართველოში: „ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ”.
ისრაელის საელჩო საქართველოში: „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.
ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.
ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”.
იტალიის საელჩო საქართველოში: „გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის სულიერი მამის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო”.
ჩეხეთის საელჩო საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ერს”.
ევროკავშირი საქართველოში: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა”.
გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში: „გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში, დიდიე ტღებიუკი, და გაეროს ქვეყნის გუნდი საქართველოში გამოხატავენ ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
სიღრმისეული სიბრძნითა და თანაგრძნობით გამორჩეული სულიერი ლიდერი, მისი უწმინდესობა თაობებს ხელმძღვანელობდა თავმდაბლობით, რწმენითა და მშვიდობის, ერთიანობისა და ღირსებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი სიტყვები და ქმედებები ნუგეშსა და შთაგონებას სძენდა მორწმუნეებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ვუსამძიმრებთ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას მთელ მსოფლიოში, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს”.
ელჩები, მინისტრები:
პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, იგი ერს მიუძღოდა სიხარულსა და მწუხარებაში. ვიცი, რომ გერმანიას კარგად იცნობდა. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ.”
გარეტ უორდი, ბრიტანეტის ელჩი საქართველოში: „მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მის უდიდებულესობასთან, დედოფალ ელიზაბეტთან მისი შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“.
დარიუს ვიტკაუსკასი, ლიეტუვის ელჩი საქართველოში: „მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით გამოწვეულ გლოვის დღეს, გამოვხატავთ გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს ხალხის მიმართ. მისი ერთგულება და სულიერი მსახურება ქართველი ერისადმი განუზომელია.
გიდეონ საარი, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი:„დამწუხრებული ვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების ცნობით: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი”.
ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი: „მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მისია განასახიერებდა რწმენის, პატრიოტიზმისა და ერებს შორის მეგობრობის კეთილშობილურ ფასეულობებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში.
სომხეთის ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მოძმე ქართველ ხალხს, ამ მძიმე დანაკარგის დროს ვუსურვებ მათ სიმტკიცესა და გამძლეობას.“