აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფართოებულ „სავიზო დეპოზიტის“ პროგრამაში საქართველოც მოხვდა.
სავიზო დეპოზიტის საპოლოტე პროგრამა შარშან ამოქმედდა და 38 ქვეყანაზე ვრცელდებოდა. ახლა ამ სიას 12 ქვეყანა დაემატა და მათ შორის საქართველოც არის. პროგრამის მიზანია ვიზიტორების ნაკადის კონტროლი იმ ქვეყნებიდან, საიდანაც აშშ-ში არალეგალურად დარჩენის მაღალი მაჩვენებელი ვლინდება.
საქართველოს მოქალაქეებზე სავიზო დეპოზიტის წესი 2 აპრილიდან ამოქმედდება – ეს ცნობა სახდეპის საკონსულო ბიუროს დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
ახალი რეგულაციის თანახმად, B1 (ბიზნეს) და B2 (ტურისტული) ვიზის მსურველებს ფულადი დეპოზიტის გადახდა მოუწევთ. კონსულს უფლება აქვს დააწესოს $5,000, $10,000 ან $15,000 აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტი. თანხა ინდივიდუალურად განისაზღვრება გასაუბრებისას. დეპოზიტი სრულად უბრუნდება მფლობელს, თუ ის აშშ-ს დატოვებს ვიზით განსაზღვრულ ვადაში.
აშშ-ის საპილოტე პროგრამა შემდეგ ქვეყნებზე ვრცელდება: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, კამბოჯა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ეთიოპია, ფიჯი, გაბონი, გამბია, საქართველო, გრენადა, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, ლესოთო, მალავი, მავრიტანია, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაპუა-ახალი გვინეა, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, სეიშელის კუნძულები, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, ტუნისი, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე.