ფრანგ ფოტოგრაფს, ფრანსის პრიმერსკის საქართველოში ბინადრობის უფლება გაუუქმეს

პუბლიკა

ფრანსის პრიმერსკი სოციალურ ქსელში ორი ბრძანების ასლს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 მარტს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ჩაბარდა, რომელშიც წერია:

ფრანსის ნიკოლას პრიმერსკი აკმაყოფილებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით დადგენილ პირობას და მის მიმართ არ არსებობს ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის საფუძვლები.“

ამ გარემოებების გამო, უწყება უთითებს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე გაუგრძელდა.

თუმცა, რამდენიმე დღეში ფრანსის ნიკოლას პრიმერსკს ახალი გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. 25 მარტს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე 2 კვირის წინ მისივე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

„გადაწყვეტილებაში მითითებული უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ გაცემული საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2026 წლის 25 მარტიდან“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ბრძანებაში მითითებულია, რომ სერვისების სააგენტომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის 520 დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად გადაწყვიტა.

„9 მარტს ჩემი ბინადრობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 26 მარტს ის გაუქმდა უარყოფილ იქნა. მიზეზის გარეშე. ყოველგვარი ახსნის გარეშე. ეს მოულოდნელი ცვლილება არ არის ადმინისტრაციული შეცდომა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. დღეს, რაც ჩემს თავს ხდება, სცდება პირად შემთხვევას. ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც მხარს უჭერს, აშუქებს ან ამხელს იმას, რაც საქართველოში ხდება. მე აქ ვმუშაობდი, ვქმნიდი, ვაფიქსირებდი და ვუჭერდი მხარს ამ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ქვეყნად მივიჩნევ.“ – წერს ფრანსის პრიმერსკი სოციალურ ქსელში.

ის წერს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აღარ მომცეს უფლება გავაგრძელო ცხოვრება საქართველოში, ქვეყანაში, სადაც უკვე წლებია ვცხოვრობ. ქვეყანაში რომელიც შემიყვარდა. საქართველო ჩემთვის უბრალოდ ადგილი არ არის.

ეს არის მიწა, რომელმაც მიმიღო. ხალხი, რომელმაც კარი გამიღო, სახეები, მეგობრობა და მომენტები, რომლებმაც ღრმად შემცვალეს.

აქ მე მხოლოდ ცხოვრება არ ამიშენებია აქ მე კავშირი შევქმენი. ეს ქვეყანა შეგნებულად ავირჩიე. გულწრფელად ჩავერთე მის ცხოვრებაში ადამიანურად, კულტურულად. ვცდილობდი, ჩემი გზით, გამეტანა მისი ხმა და სილამაზე მის ფარგლებს გარეთ, პატივისცემით, აღფრთოვანებით და სიყვარულით.

დღეს ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მტკივნეულია. რადგან ეს მხოლოდ ადმინისტრაციული საკითხი არ არის ეს ეხება იმ კავშირს, რომელიც ამ ქვეყანასთან შევქმენი. და მაინც, არაფერს ვნანობ. რადგან ყოველთვის ვიმოქმედე ჩემი ღირებულებების შესაბამისად თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა. და ამ ღირებულებებს დავიცავ ბოლომდე. უმოქმედოდ არ დავრჩები. ამ ქვეყნისადმი პატივისცემით, და იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ მხარში მედგა, დავიწყებ სამართლებრივ ბრძოლას. ბოლომდე წავალ, საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგამდეც, ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც. რადგან ეს კავშირი ვერ წაიშლება ერთი გადაწყვეტილებით. რადგან ასეთ ქვეყანას ასე მარტივად ვერ ტოვებ, მისთვის იბრძვი. საქართველო ჩემი ნაწილია. რაც არ უნდა მოხდეს. და მე არ დავნებდები.“ – წერს ფრანსის პრიმერსკი.