ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, „რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს“.
„ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს. ჩვენ, საჭიროებისამებრ, ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დიალოგსა და სამშვიდობო პროცესს, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, „საქართველო აკვირდება გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის „შუა დერეფნის” მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის, როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას“.
„ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში“, – თქვა კობახიძემ.
საკითხები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან, ერთი სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, ჩვენი ისტორიული ფესვები გვაძლევს ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თავის მხრივ ილჰამ ალიევმა თქვა, რომ „დარწმუნებულია, რომ მისი ვიზიტი კიდევ ერთ იმპულსს მისცემს ჩვენი ძმური ურთიერთობების განვითარებას“.
მან ასევე თქვა, რომ საქართველომ შექმნა „ძალიან კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო შექმენით ქვეყანაში და ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს, მათ შორის, აზერბაიჯანელ ინვესტორებს ექმნებათ ძალიან კარგი გარემო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ ზრდას“.
ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანიდან საქართველოს ეკონომიკაში 3,6 მილიარდი აშშ დოლარია ინვესტირებული. მისივე განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ და აზერბაიჯანმა განიხილონ მე-3 ქვეყნებში ერთობლივი ინვესტიციები.
ასევე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისაუბრეს რეგიონულ უსაფრხოებაზეც.
„გამონაკლისი არ ყოფილა ახალი რეალობა, რომელიც შექმნილია სამხრეთ კავკასიაში. ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი. მსგავსი მოვლენები ჩვენს რეგიონს არ უნდა შეეხოს.
სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ვართ მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბრძანეთ სამშვიდობო პროცესის შესახებ, რომელიც ჩვენსა და სომხეთს შორის ვითარდება. ის შეთანხმებები, რომელსაც ხელს ვაწერთ, არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ სამომავლოდ ყველა ნაბიჯი ამ მშვიდობას უნდა აძლიერებდეს. ეს შეხვედრები, ეს ვიზიტები ზუსტად ამას ემსახურება. ჩვენ დავიწყეთ სომხეთთან ურთიერთობა საქართველოს გავლით და მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ხელშეწყობისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
„თქვენ ხართ გარანტორი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა განვითარდება საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება თანმიმდევრულად და დინამიურად. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ორივე ვუჭერთ მხარს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დაურღვევლობას ჩვენი საზღვრებისა. ასე იყო ოდითგანვე და ასე იქნება მომავალშიც“, – თქვა ალიევმა.
შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია უშუალოდ შეხვედრის შესახებ.
პრეს-რელიზის თანახმად, „პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას“.
„ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე და ამ კუთხით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის როლზე, რომლის მორიგი სხდომა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს, რაც რეგიონული სტაბილურობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის აუცილებლობას მდგომარეობის დეესკალაციისა და მშვიდობის აღდგენისთვის“, – წერია პრეს-რელიზში.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კობახიძის და ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობაზე.
საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. მათ შორის აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრაში საქართველოს მხრიდან – მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ლევან ჟორჟოლიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი, პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეთ ჰაჯიევი, ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი მონაწილეობდნენ.
სამთავრობო პროპაგანდისტული მედია „რუსთავი 2-ის“ ცნობით, ილჰამ ალიევი დღეს, 6 აპრილს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.