აშშ-ის ირანზე თავდასხმა შეჩერებულია — ირანმა აშშ-ს 10-პუნქტიანი წინადადება შესთავაზა

პუბლიკა

აშშ-ის ირანზე თავდასხმა შეჩერებულია. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე განაცხადა, მან TruthSocial-ზე დაწერა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანისგან მიიღო „10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოლაპარაკებებისათვის რეალურ საფუძველს წარმოადგენს“.

გუშინ, 7 აპრილს დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ „ირანის ცივილიზაცია მთლიანად დაიღუპება, ისე, რომ მას ვერასდროს დაიბრუნებდნენ“.

თუმცა, ირანმა და აშშ-მ 2-კვირიანი ზავი დადეს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დროებითი ზავი დამოკიდებულია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. მისი განცხადებით, თითქმის ყველა საკვანძო საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და ორკვირიანი ფანჯარა ხელშეკრულების საბოლოო სახით ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება საბოლოო შეთანხმებას, ტრამპის თქმით, ის მიმართული იქნება „ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისკენ“.

მოგვიანებით, BBC-ის ცნობით, ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ირანის რეჟიმის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასეთია:

  1. ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში.
  2. ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა ყოველგვარი ვადის გარეშე.
  3. რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება.
  4. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.
  5. პროტოკოლისა და პირობების შემუშავება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  6. ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების საკომპენსაციო თანხის სრული გადახდა.
  7. ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების სრული ვალდებულება.
  8. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ირანული ფონდებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება.
  9. ირანი იღებს სრულ ვალდებულებას, რომ არ ეცდება ბირთვული იარაღის ფლობას.
  10. ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ძალაში შედის ყველა ფრონტზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, თუმცა Reuters-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა არ გავრცელდება ისრაელის ოპერაციებზე ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

ამავდროულად, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე დღეს, 8 აპრილს თეთრ სახლში ტრამპს შეხვდება. მისი ვიზიტისას განსახილველი საკითხი სწორედ ირანის ომია, ხოლო მიზანი – ტრანსატლანტიკური განხეთქილების თავიდან აცილება. Politico-ს თანახმად, ევროპელი დიპლომატები იმედოვნებენ, რომ რუტე თავისი სპეციფიკური სტილით შეძლებს ტრამპზე გავლენის მოხდენას, როგორც ეს გრენლანდიის კრიზისის დროს მოხდა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი დღეს საუდის არაბეთში მიფრინავს. მისი მიზანია დეესკალაციის ხელშეწყობა და დიპლომატიური გამოსავლის ძიება რეგიონული პარტნიორების დახმარებით.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს პენტაგონმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით ირანზე იერიშების მიტანა დაიწყო, ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტეა – მასზე მოდის მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20 პროცენტი. შესაბამისად, ამ სრუტის გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.