ევროპის ლიდერები მიესალმებიან ზავს აშშ-სა და ირანს შორის

პუბლიკა

ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, ასევე კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა აშშ-სა და ირანს შორის 2-კვირიან ზავს მიესალმებიან.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ფონ დერ ლაიენთან, კოშტასთან და კარნისთან ერთად აწერენ ემანუელ მაკრონი, ჯორჯა მელონი, მეტე ფრედრიკსენი, პედრო სანჩესი, რობ იეტენი, ფრიდრიხ მერცი და კირ სტარმერი, ნათქვამია:

„მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის დღეს დადებულ ორკვირიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მადლობას ვუხდით პაკისტანსა და ყველა ჩართულ პარტნიორს ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელშეწყობისთვის.

ახლა მიზანი უნდა იყოს უახლოეს დღეებში ომის სწრაფი და ხანგრძლივი დასრულების შესახებ მოლაპარაკება. ამის მიღწევა მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.

ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მხარეებს, სწრაფად მიაღწიონ პროგრესს არსებითი მოლაპარაკებების გზით მოგვარებისკენ.

ეს გადამწყვეტი იქნება ირანის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამას შეუძლია თავიდან აიცილოს მძიმე გლობალური ენერგეტიკული კრიზისი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ დიპლომატიურ ძალისხმევას. ამ მიზნით, მჭიდრო კონტაქტზე ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის ლიბანშიც.

ჩვენი მთავრობები წვლილს შეიტანენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფაში“.

8 აპრილს აშშ-ის ირანზე თავდასხმა შეჩერდა. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ირანისთვის წაყენებული ულტიმატუმის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე განაცხადა, მან TruthSocial-ზე დაწერა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ირანისგან მიიღო „10-პუნქტიანი წინადადება, რომელიც მოლაპარაკებებისათვის რეალურ საფუძველს წარმოადგენს“.

მოგვიანებით, BBC-ის ცნობით, ირანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა ირანის რეჟიმის მიერ წარდგენილი 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ასეთია:

  1. ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში.
  2. ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა ყოველგვარი ვადის გარეშე.
  3. რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება.
  4. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა.
  5. პროტოკოლისა და პირობების შემუშავება ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  6. ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების საკომპენსაციო თანხის სრული გადახდა.
  7. ირანის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების სრული ვალდებულება.
  8. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ირანული ფონდებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება.
  9. ირანი იღებს სრულ ვალდებულებას, რომ არ ეცდება ბირთვული იარაღის ფლობას.
  10. ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე, ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა ძალაში შედის ყველა ფრონტზე.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ „აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან“.

„ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, ჩვენი შეფასებით, გაიარა ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება. არ მოხდება ურანის გამდიდრება და ამერიკის შეერთებული შტატები, ირანთან თანამშრომლობით, ამოთხრის და გაიტანს მთელ ღრმად დამარხულ ბირთვულ „მტვერს“ (B-2 ბომბდამშენები). ის ახლა არის და აქამდეც იყო ძალიან ზუსტი თანამგზავრული მეთვალყურეობის ქვეშ (კოსმოსური ძალები!). ჩვენ ვაწარმოებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ირანთან ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქების შესახებ. 15 პუნქტიდან ბევრი უკვე შეთანხმებულია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“. – წერს ტრამპი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, თუმცა Reuters-ის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტა არ გავრცელდება ისრაელის ოპერაციებზე ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, 8 აპრილს განაცხადა, რომ ისრაელმა ლიბანში 100-მდე ადგილი დაბომბა.

მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს პენტაგონმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით ირანზე იერიშების მიტანა დაიწყო, ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტეა – მასზე მოდის მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20 პროცენტი. შესაბამისად, ამ სრუტის გახსნა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.