უნგრეთში 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა – პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა.
ხმების 98.94%-ის დათვლის შედეგად, ოპოზიციურმა პარტიამ „ტისა“ ამომრჩეველთა ხმების 53.07% მიიღო, ხოლო ორბანის პარტია „ფიდესს“ ხმების 38.43% ერგო.
ოპოზიციურმა პარტიამ პიტერ მადიარის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
უნგრეთში არჩევნებს „ქართული ოცნების“ წევრები აკვირდებოდნენ – საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ვიქტორ სანიკიძე და გიორგი ჭყონია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით კი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე დააკვირდნენ.
„ოცნების“ წევრები აღნიშნავენ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა.
„დასრულდა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვიმყოფებოდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ვაკვირდებოდით არჩევნებს. არჩევნებმა საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ნება თავისუფლად გამოეხატა, ზედმეტი ბარიერების, შეზღუდვების გარეშე.
იყო უპრეცედენტოდ მაღალი მონაწილეობა მოსახლეობის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო გამარჯვება. ეუთო/ოდირის დასკვნები დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე იქნება გამოქვეყნებული, ხოლო ორი თვის თავზე საბოლოო შეფასება გაკეთდება“, – თქვა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები გაღრმავდეს.
„დამაჯერებლად გაიმარჯვა პიტერ მადიარის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ტისამ“. უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვა. მეორე ადგილზე გავიდა მოქმედი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ძალა. სულ სამმა პარტიამ შეძლო და გადალახა საარჩევნო ბარიერი. არჩევნების დროს დაფიქსირდა საზოგადოების გამორჩეულად მაღალი აქტივობა.
ჩვენ რაც დავაფიქსირეთ, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მოქალაქეების ძალიან მაღალი აქტივობა იყო, საარჩევნო უბნებთან რიგები იყო. არ იყო არჩევნებისთვის დამახასიათებელი რადიკალიზმი. მთავარია, უნგრელმა ხალხმა თავისი არჩევანი გამოხატა და ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ენდობა, რომ ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკა წარმართოს.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა, ქართველი ხალხისა და ჩვენი ხელისუფლების სახელით, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას გამარჯვება მიულოცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მეგობარ უნგრეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვქონდეს, რაც წლების განმავლობაში ტრადიციულად მოგვდევს და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ცვლილება არ იმოქმედებს იმ გამორჩეულად კარგ ურთიერთობაზე, რომელიც უნგრელ და ქართველ ხალხს შორის არსებობს“, – თქვა მათიკაშვილმა.
უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 78%-მა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.
ვიქტორ ორბანმა, რომელიც უნგრეთს 16 წლის განმავლობაში მართავდა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები „ნათელი და მტკივნეულია“.
ევროსკეპტიკოს ორბანს მხარს უჭერდა როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ორბანის მხარდასაჭერად უნგრეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმაც.
თუმცა, მაშინ მაიარმა თქვა, რომ უნგრეთის ბედი „არა რუსეთში, აშშ-სა და ბრიუსელში, არამედ უნგრეთში წყდება“.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ისე მთლიანად ევროკავშირისთვის.
ვიქტორ ორბანი ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემას, ასევე, რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტს. საბაბად ორბანის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ ის დაასახელა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბის“ გავლით არ ხდება რუსული ნავთობის ტრანზიტი უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.
„დრუჟბა“ რუსეთის ნავთობის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო არხია ევროპაში. ის სათავეს რუსეთიდან იღებს, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინაზე გადის. სწორედ უკრაინიდან ხდება რუსული ნავთობის უნგრეთის, სლოვაკეთსა და ბელარუსისთვის მიწოდება. უკრაინის განცხადებით, ნავთობსადენი დაზიანებულია რუსული დარტყმების შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა უკრაინას „დრუჟბის“ შეკეთებაში დახმარება შესთავაზა და უკრაინამაც ის მიიღო, ორბანმა უარი თქვა, მოეხსნა ბლოკი სანქციებსა და სესხზე.
ამავე დროს, საერთაშორისო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტრო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების კონფიდენციალურ ინფორმაციას თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა. ინფორმაცია მოგვიანებით სიიარტრომაც დაადასტურა.