რვა ქალმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ მიმართა

პუბლიკა

ელენე ხოშტარიამ, თამუნა გიორგაძემ, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ, მარიამ მელიქიშვილმა, ნუცა მახარაძემ, ნინო ბარძიმაშვილმა, ქრისტინე ბოტკოველმა და ნინო დათაშვილმა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს დროებითი მოთავსების იზოლატორებში გაშიშვლების პრაქტიკის შესახებ წერილით მიმართეს.

„დროას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წერილის ავტორები კომისარს მოუწოდებენ, უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენოს ყველა მექანიზმი, რათა დასრულდეს ღირსების შემლახავი პრაქტიკა და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე.

პრესრელიზის მიხედვით, ძალადობრივი გაშიშვლების პრაქტიკას სისტემური ხასიათი აქვს და გამოიყენება დემოკრატიული, პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეებზე ძალადობისთვის და მათი დაშინების მიზნით.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევევი არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა, ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. და ეს პრაქტიკა წარმოადგენს უფრო ფართო, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს”,- წერია მიმართვაში.

როგორც წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, იმისთვის, რომ დაკავებული პირების ძალადობრივი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა შეწყდეს, არ არის საკმარისი ამ შემთხვევების მხოლოდ დოკუმენტირება – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შეუჩერებელი წინააღმდეგობა სიმტკიცე და გამძლეობა ცხადყოფს, რომ საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე”,- ვკითხულობთ მიმართვაში.


იზოლატორში შესახლების დროს სრულად გაშიშვლების შესახებ არაერთი დაკავებული საუბრობს.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.

ომბუდსმენის თქმით,  ბუქნების გაკეთების მოთხოვნას პენიტენციური დაწესებულებების დებულებები არ ითვალისწინებს და შემოწმებისას პატიმრის სრული გაშიშვლება აკრძალულია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, დაკავებულის სრულად გაშიშვლება ეწინააღმდეგება შს მინისტრის ბრძანებას, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის შესახლების პროცედურას არეგულირებს. [29 მარტი, 2025].

ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება. სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მითუმეტეს გაშიშვლებას თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.