დღეს, 16 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სომხეთში ახალი სამოქალაქო მისია გაიგზავნება რუსული გავლენის შემცირების მიზნით.
ამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ, დიდი ალბათობით, 21 აპრილის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
დოკუმენტი, რომელიც მისიის მანდატს, სტრუქტურასა და ვადებს ეხება, „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა.
დოკუმენტის თანახმად, მისიამ უნდა გააძლიეროს ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ სომხეთის მდგრადობა სტრატეგიული და პრაქტიკული რჩევებით, ასევე სამინისტროებისა და უსაფრთხოების უწყებების მხარდაჭერით.
ეს კონსულტაციები ფოკუსირებული იქნება პოლიტიკის შემუშავებაზე, უცხოური ინფორმაციული მანიპულაციებისა და ჩარევის (FIMI), კიბერშეტევებისა და უკანონო ფინანსური ნაკადების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაზე. მისია ასევე შეაფასებს, თუ რა არის საჭირო სომხეთის უსაფრთხოების შესაძლებლობების განსავითარებლად, რათა ქვეყანამ უფრო ეფექტურად შეძლოს ჰიბრიდული საფრთხეების აღმოჩენა და მათთან გამკლავება ევროკავშირის მეთოდოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისად.
მანამდე ევროკავშირის საგარეო უწყებამ მიუთითა, რომ სომხეთში 7 ივნისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები, ასევე, მას შემდეგ დანიშნული ადგილობრივი არჩევნები და შესაძლო საკონსტიტუციო რეფერენდუმი იქნება გადამწყვეტი გამოცდა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ შიდა სტაბილურობისა და რეგიონული მშვიდობისთვის.
წლების წინ ბაქომ სომხეთის საზღვარზე ევროპელი სამოქალაქო დამკვირვებლების განთავსება გააპროტესტა და საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ სომხეთთან გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ერთობლივ საზღვარზე მესამე ქვეყნის ძალები არ განლაგდებოდნენ.
ახლა ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ მისი მიზანი „რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების შემცირება და ნეიტრალიზაციაა“.
„რადიო თავისუფლების“ მიერ ნანახი ერთ-ერთი დოკუმენტი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს ავალებს, „გააგრძელოს დისკუსიები აზერბაიჯანთან ევროკავშირის მიზნის განმარტების კუთხით და სამშვიდობო პროცესზე ნებისმიერი პოტენციური ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად“.
შესაძლო საფრთხეებზე საუბრისას, სომხეთის შიდაპოლიტიკური მოვლენების, გარე ეკონომიკური ზეწოლისა და საინფორმაციო მანიპულაციების გარდა, დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ირანის საკითხიც.
„სომხეთის მხოლოდ ორი ღია საზღვრიდან ერთ-ერთი ირანთანაა და მას საკვანძო მნიშვნელობა აქვს სომხეთის კომუნიკაციებისთვის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნისთვის“.
„ამ დაძაბულობამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს რუსეთის გავლენა სომხეთის ეკონომიკასა და ენერგეტიკულ საჭიროებებზე და გამოყენებულ იქნას არჩევნების წინ“, – ნათქვამია დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია პოტენციური მიგრაციული ნაკადების, ორგანიზებული დანაშაულისა თუ სხვა უკანონო ქმედებების რისკებიც.
ევროკავშირის ახალი მისია სომხეთში, სავარაუდოდ, ორი წლის განმავლობაში დარჩება, ეყოლება 20-30 საერთაშორისო თანამშრომელი და იმუშავებს სახელწოდებით „ევროკავშირის პარტნიორობის მისია“. დოკუმენტში წერია, რომ ის ღია იქნება მესამე ქვეყნებისთვისაც, თუ ბრიუსელი მათთან შესაბამის შეთანხმებას მიაღწევს.
რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირმა, სომხეთის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე უკვე განიხილა მოკლევადიანი „ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფის“ გაგზავნაც, რომელიც საარჩევნო პროცესებში ინფორმაციული მანიპულაციების პრევენციაზე იმუშავებდა. მსგავსი ფორმატის მისია ევროკავშირმა უკვე გამოიყენა მოლდოვაში, სადაც მისიამ 2024 წლის არჩევნებზე იმუშავა.