პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხს. როგორც გივი მიქნაძემ განმარტა, ცვლილების საფუძველზე ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები.
„გვქონდა ასეთი მოცემულობა – ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იმავე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.
2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები“,- ასე განმარტა გივი მიქანაძემ ცვლილების საჭიროება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკთხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად:
• სახელმწიფო აღიარებს იმ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლას, თუ სტუდენტი ჩარიცხულია 2010 წლის 1 სექტემბრამდე და სწავლობდა ლიცენზირებულ ან კანონით ლიცენზირებულად მიჩნეულ დაწესებულებაში — აკრედიტაციის მიუხედავად.
• ასევე აღიარებულია 2005 წლამდე ჩარიცხული პირის დოკუმენტი, თუ სასწავლებელს კვალიფიკაციის მინიჭების დროს ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია.
• 2010 წლის 1 სექტემბრამდე დასრულებული ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლება გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
კანონპროეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილების გარეშე პირები, რომლებმაც დაასრულეს 4-წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე.
„აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც ოთხ წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო ხუთ წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის. ამასთან, კანონის მიღება აუცილებელია, რათა საკანონმდებლო ნორმამ გაითვალისწინოს, აგრეთვე, 2006-2007 წლების ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთა დიპლომების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების საკითხიც და ასევე, ის შემთხვევებიც, როდესაც მიუხედავად ვალდებულებისა, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყების შემდგომაც გასცეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი ხარისხები.“
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, პროგრამის ხანგრძლივობის მიუხედავად, სასამართლო სრულად აკმაყოფილებს პირის მოთხოვნას და მოთხოვნის შემთხვევაში, 4 წლიანი ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებულ დიპლომს ათანაბრებს მაგისტრის დიპლომთან.