რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში რუსეთს საქართველოს „არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოუწევს“.
„არ ვამბობ, რომ ჩვენ ეს გვინდა, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოგვიწევს საქართველოს შეყვანა არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში და მასზე ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომების გავრცელება ყველა უარყოფითი შედეგით მინერალური წყლების, ხილის, ღვინის ქართველი მწარმოებლებისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში შემოდის“, – თქვა მარია ზახაროვამ.
„არამეგობრული ქვეყნების“ სია რუსეთმა 2022 წელს შედგა. მასში შედიან აშშ და კანადა, ევროკავშირის სახელმწიფოები: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რიგი სხვა ევროპული ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა სახელმწიფოები და ტერიტორიები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ანტირუსულ სანქციებს. საქართველო ამ სიაში არ არის.
ზახაროვამ დასძინა, რომ „ევროკავშირში გაწევრების შემთხვევაში, საქართველო იძულებული იქნებოდა, მონაწილეობა მიეღო უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში“.
ზახაროვამ რუსული პროპაგანდის შესაბამისად თქვა, რომ „რუსული მხარისთვის ბოლომდე გასაგები არ არის, როგორ შეიძლება თბილისი ისწრაფოდეს გაერთიანებაში გაწევრებისკენ, რომლის წევრებიც საქართველოს წინააღმდეგ „საერთოდ არაფრის გამო“ აწესებენ სანქციებს, „აქეზებენ მას ახალი ანტირუსული სამხედრო ავანტიურებისკენ“, თითქმის ღიად „უჭერენ მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს“, ასევე თავს ახვევენ ქართველ ხალხს „მისთვის უცხო ანტიღირებულებებს“, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, და აიძულებენ საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე უარის თქმას“.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ქვეყნის ევროკავშირში წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ბრიუსელისთვის გადაცემის პირობით:
„ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ბრიუსელი მესამე ქვეყნებისგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვს. ის, რასაც ახლა ბრიუსელი საქართველოს მიმართ აკეთებს, მხოლოდ ერთი მაგალითია, ასეთი მაგალითი კი სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც უამრავია“, – თქვა მარია ზახაროვამ.
ზახაროვა ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოში „იზრდება ევროსკეპტიკოსთა რაოდენობა“ და ქვეყანაში „არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნეიტრალიტეტს უჭერენ მხარს“.