Freedom House: 6 ქვეყანა, მათ შორის, ბენინი, კენია, საქართველო პირველად მოხვდა ტრანსნაციონალური რეპრესიების ქვეყნებს შორის

პუბლიკა

Freedom House-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ თავისი კრიტიკოსების მკვლელობის, ფიზიკური თავდასხმის, გატაცების, დაკავების, დეპორტაციისა და მუქარის მეთოდებს 30 ქვეყნის მთავრობამ მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ ახალ ანგარიშში აღრიცხულია ფიზიკური ტრანსნაციონალური რეპრესიების 126 ახალი ინციდენტი. შემთხვევათა უმრავლესობაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის ავტოკრატებს შორის არსებულ კოორდინირებულ თანამშრომლობას ეკისრება.

2025 წელს ტრანსნაციონალური რეპრესიების მთავარ გამტარებლებად Freedom House ჩინეთის, ვიეტნამისა და რუსეთის ხელისუფლებებს ასახელებს. ამასთან, ორგანიზციის განცხადებით, პირველად გამოვლინდა ექვსი ქვეყნის – ავღანეთის, ბენინის, საქართველოს, კენიის, ტანზანიისა და ზიმბაბვეს მთავრობების მიერ ტრანსნაციონალური რეპრესიების ტაქტიკის გამოყენების ფაქტები.

„სულ უფრო მეტი მთავრობა ცდილობს გააჩუმოს ის კრიტიკოსები, რომლებიც თავისუფლების ძიებაში საკუთარი ქვეყნიდან გაიქცნენ. ეს შემაშფოთებელი ტენდენცია განგაშის ზარი უნდა იყოს მსოფლიო პოლიტიკოსებისთვის.

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ საზღვარგარეთ მყოფი პირების წინააღმდეგ და მათი ტაქტიკა სულ უფრო დახვეწილი ხდება. დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა მეტი უნდა გააკეთონ მათი სუვერენიტეტისა და თავისუფლებების ამგვარი ავტორიტარული ხელყოფის დასაძლევად“, – განაცხადა ჯეიმი ფლაიმ, Freedom House-ის ხელმძღვანელმა.

ორგანიზაციის მიხედვით, 2014-დან 2025 წლამდე, Freedom House-ის მონაცემთა ბაზაში აღირიცხა ტრანსნაციონალური რეპრესიების 1 375 პირდაპირი, ფიზიკური ინციდენტი მსოფლიოს 107 ქვეყანაში. ეს მონაცემები ეყრდნობა მედიასაშუალებების, სამოქალაქო ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და საჯარო ინფორმაციას. სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი რეალური შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

„2014 წლის შემდეგ, სულ მცირე 54 მთავრობა – მსოფლიო ქვეყნების მეოთხედზე მეტი – შეეცადა საზღვარგარეთ მყოფი დისიდენტების გაჩუმებას. ტრანსნაციონალური რეპრესიების ყველაზე აქტიურ გამტარებლებად ჩინეთის, თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებები რჩებიან“, – ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

Freedom House დემოკრატიული მთავრობებისთვის რეკომენდაციებსაც გასცემს ტრანსნაციონალური რეპრესიული აქტების შესამცირებლად. მათ შორის:

  • ერთიანი დეფინიციის მიღება: შემუშავდეს ტრანსნაციონალური რეპრესიების ოფიციალური სამთავრობო დეფინიცია, რომელიც გამოყენებული იქნება ყველა სახელმწიფო უწყებისა და კომუნიკაციისთვის.

  • სანქციების გამოყენება: დაწესდეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები იმ უცხოელი მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ იძულებით დაბრუნებასა და რეპრესიებს.

  • ინტერპოლის რეფორმირება: წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ ინტერპოლის ზედამხედველობის ორგანოების დაფინანსება პოლიტიკურად მოტივირებული მოთხოვნების გამოსავლენად და აღსაკვეთად.

  • დიასპორასთან კომუნიკაცია: შეიქმნას ონლაინრესურსები და მექანიზმები, რათა დიასპორის წევრებმა შეძლონ რეპრესიების ფაქტების შეტყობინება და სამართალდამცავებთან დაკავშირება.

  • საიმიგრაციო სისტემის დაცვა: უზრუნველყოფილ იქნას, რომ საიმიგრაციო პროცედურები არ გახდეს ტრანსნაციონალური რეპრესიების ხელშემწყობი ინსტრუმენტი.