სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ანგარიშში არაერთ თემაზეა საუბარი, რომელშიც მდინარაძის უწყება პირდაპირ იმეორებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების პროპაგანდისტულ ნარატივს.
სუსის ანგარიშში, საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზეც და აღნიშნულია, რომ „საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევად კვლავ რჩებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თანამდევი დესტრუქციული პროცესები“.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პირდაპირი ჩართულობის გამო ანტირუსული განწყობების ზრდის დინამიკა დაფიქსირდა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კი შენარჩუნდა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, „საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად და პარალელურად ამზადებს საფუძველს, ხელსაყრელ დროს, ანექსიის განსახორციელებლად“.
„გასული წლების მსგავსად, გრძელდებოდა ჰიბრიდული ომის კომპონენტების გამოყენება, მათ შორის უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს დაზიანებას. მაღალი ინტენსივობით გაგრძელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართული პროცესები ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით დაფიქსირდა ე.წ. საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენების მცდელობა. პარალელურად, კვლავ გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციისკენ მიმართული პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ანექსიური პოლიტიკისა და რუსიფიკაციის ფონზე, საოკუპაციო ძალამ გაზარდა ზეწოლა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებზე. გავრცელდა ცნობები მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მცდელობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „ჯაშუშობის“ გამოგონილი ბრალდებით უკანონო დაკავების ფაქტიც.
ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებოდა სოციალური ქსელებიც, სადაც ნეგატიურ კონტექსტში იყო აღნიშნული, რომ ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობას აძლევს. რუსეთის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველების, ენობრივი, კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია და მათი იდენტობის შეცვლა წარმოადგენს“, – წერს სუსი.
დოკუმენტის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების 34, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 40 შემთხვევა. 2025 წლის დასასრულს უკანონო პატიმრობაში, საერთო ჯამში, საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფებოდა.
„საოკუპაციო ძალა მიზანმიმართულად ცდილობს უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენოს. აღნიშნული მოცემულობა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფონზე ხდება.
მიუხედავად გამოწვევებისა, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად, ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებით.
ასევე, გაგრძელდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების არასათანადო გამოძიების პრაქტიკა. რუსეთი კვლავ უარს აცხადებდა საოკუპაციო ძალის მიერ 2023 წლის ნოემბერში მოკლული თამაზ გინტურის საკითხის ობიექტური გამოძიების ჩატარებაზე, რის გამოც დამნაშავ(ეებ)ის დასჯა ვერ მოხერხდა.
ფაქტობრივად, დაუსჯელები დარჩნენ ოკუპირებული გალის „დროებითი მოთავსების იზოლატორში“ მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო გარდაცვლილი ვიტალი (თემურ) კარბაიას საკითხში „ეჭვმიტანილი“ პირები, რომლებსაც დანაშაულებრივი ქმედება „სამსახურებრივ გულგრილობაში“ ჩაუთვალეს“, – ნათქვამია ანგარიშში.
სუსი ასევე წერს, რომ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიასა და დავით ბაშარულის, ასევე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეების მიმართ „ადგილზე სამართლის აღსრულება კვლავ შეუძლებელი იყო“.
რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას, სუსის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 55.
„დაფიქსირდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაცია, ასევე, მიწათხრილების, ტრანშეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობის სამუშაოები. გასული წლების მსგავსად, გამოვლინდა საოკუპაციო ხაზზე სათვალთვალო კამერებისა და გადაადგილების დეტექტორების დაყენების ფაქტებიც.
უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესითა და ადგილზე განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებებით, საოკუპაციო ძალა ზეწოლას ახდენდა თბილისზე და ოკუპირებული რეგიონებისა და მათ ირგვლივ მიმდინარე უკანონო პროცესების ლეგიტიმურად წარმოჩენას ცდილობდა. აგრეთვე, ვრცელდებოდა დეზინფორმაციული ნარატივები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აგრესორად წარმოჩენისა და მისგან მომდინარე „საფრთხეებთან“ დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, რუსეთის ფედერაცია „მიზნად ისახავდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ლეგიტიმაციის მცდელობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცხოვრები პირების უფლებების უხეში დარღვევებით, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი საზოგადოების გაუცხოებით“.