ჯანდაცვის უწყება: იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება

პუბლიკა

ჯანდაცვის უწყების ცნობით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება. სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის „სერვისების ფართო სპექტრი” ხელმისაწვდომი გახდება. საუბარია ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.

„ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, შეხვდა იმ კლინიკების ხელმძღვანელებს, რომლებიც შესაძლოა პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს ყველა სერვისი შესთავაზონ”, –  ნათქვამია ჯანდაცვის უწყების განცხადებაში.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პაციენტებისთვის უფასო იქნება სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაცია და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები.

„პარალელურად, გრძელდება მუშაობა, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში, ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები ზრდასრულმა ბენეფიციარებმაც მიიღონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება წამალს, 22 აპრილს, მოგვიანებით, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენით დაავადებული ბავშვების წამლის თაობაზე სახელისუფლებო რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია და სკანდინავიური ქვეყნები, სადაც კვლევითი რესურსები დიდია და საქართველოზე მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვთ, [წამლებთან დაკავშირებით] „ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს”.

„ევროპის წამლის სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ამ წამლის [ელევიდისის] ეფექტიანობას. საუბარია 3 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების მედიკამენტზე – ერთი ბავშვის დოზაზე. ამ პრეპარატის ეფექტიანობასთან დაკავშირებით EMA დიდ კითხვის ნიშანს სვამს. არსებობს FDA-ის გადაწყვეტილებაც, რომელსაც მანამდე ამ პრეპარატისთვის მინიჭებული ჰქონდა დაჩქარებული ავტორიზაცია ანუ ეს არის პირობითი დაშვება. შემდეგ ხდება ამ მედიკამენტების გამოცდა, კვლევა – მწარმოებელს ეძლევა რეკომენდაცია, გაიაროს დამატებითი კვლევები.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამ წამალს აქვს უმძიმესი შედეგები ჯანმრთელობისთვის და უზარმაზარი რისკების შემცველია, უეცარი გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა… ვინც უკვე მიიღო ელევიდისი, კვლევის ფარგლებში რჩებიან მონიტორინგის ქვეშ. ესე იგი, არსებობს რაღაცა მიზეზი, რის გამოც არის რეკომენდებული, რომ ეს კვლევები გავრცელდეს.

როდესაც ისმის კითხვა – „რატომ აირჩია საქართველომ კონსერვატიული მიდგომა?“, რიტორიკულად მინდა დავსვა შეკითხვა, ვიდრე დავარქმევთ ამას ან კონსერვატიულს ან ლიბერალურს, რატომ აირჩია იგივე მიდგომა, ვთქვათ, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობამ?! “ – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარჯველაძის თქმით, პრეპარატებზე დაჩქარებული ავტორიზაციის თანახმად, კვლევები უნდა გაგრძელდეს ცხოველებსა და ადამიანებზე. რის შემდეგაც გაირკვევა წამლის უსაფრთხოება. 

„მეც გულით ვგულშემატკივრობ, რომ ეს პასუხები მალე გაჩნდეს, რათა ვიცოდეთ, რომ არსებობს მედიკამენტი, რომელიც უსაფრთხოდ შეძლებს სარგებლის მოტანას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სურვილი, როგორი დიდიც არ უნდა იყოს, საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა სარჯველაძემ.