კობახიძე: მე და ბატონმა რუბიომ რაზე ვისაუბრეთ, ვერ მოგიყვებით, ეს იყო დახურული ზარი

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრის შესახებ აცხადებს, რომ საზოგადოების წინაშე ვერ იტყვის რაზე ისაუბრეს მხარეებმა, რადგან ეს „დახურული ზარი“ იყო.

„ვერ მოგიყვებით, რადგან ეს იყო დახურული ზარი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთადერთი საზომი ურთიერთობების გადატვირთვის არის ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამას ვაფიქსირებთ ყველგან, როდესაც ვესაუბრებით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, – თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტი: რამე დაპირება მიიღეთ მარკო რუბიოსგან?

კობახიძე: რაზე ვისაუბრეთ მე და ბატონმა რუბიომ, ეს არის დახურული ზარის თემა და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე ვერ ვისაუბრებ.

ჟურნალისტი: კახა კალაძე თვის დასაწყისში სწორედ ამ ზარზე დაყრდნობით ამბობდა, რომ ამ თვეში კარგი სიახლეები გვექნებოდა და ამის შემდეგ ლოდინის რეჟიმში ვართ…

კობახიძე: მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან ჯანსაღი საუბარი, ძალიან დადებით ტონალობაში. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენს დაელოდეთ.


30 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს.

„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. მათ ორმხრივი ინტერესის სფეროები განიხილეს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებაში.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ მარკო რუბიოსთან საუბარს „ნაყოფიერი“ უწოდა.

„ხაზი გავუსვით პარტნიორობის განახლებისა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ძლიერი პარტნიორის როლის გაძლიერების მნიშვნელობას.

ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველო–აშშ-ის კავშირების განმტკიცებისა და რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის მიმართ”, – დაწერა კობახიძემ X-ზე.


2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა,  მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.