ბოჭორიშვილი: მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში

პუბლიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვევიან. ამის შესახებ ბოჭორიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.

აშშ-დან ვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, იყო ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ასევე თბილისში. მაისში ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს და კონსულტაციების გაგრძელებას. ეს, შეიძლება, ერთგვარად ჩავთვალოთ კონსულტაციების პირველ ეტაპად.

პირველი შეხვედრებია ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორი იქნება კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია, ის კომუნიკაციები, ის შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის მტკიცებით, შეერთებული შტატების მხრიდან „უმაღლეს დონეზე ჟღერდება, რომ არის ურთიერთობების გადატვირთვის სურვილი“.

„ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და ასევე ჩემთან საუბარში აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი, არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით და დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვარ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აშშ-სთან კომუნიკაცია ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ვაშინგტონში ჩვენი საელჩო მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენც ვხედავთ შედეგებს ამ გზავნილებისას, რაც გაჟღერდა პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ურთიერთობების აღსადგენად. სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს, ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი. ბევრია თავად აშშ-ის მხარეზე დამოკიდებული, როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში“, – თქვა ბოჭორიშვილმა.


2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა,  მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი“, – წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.

სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შემდეგ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნების“ არაერთ წარმომადგენელს.