მარია ზახაროვას თქმით, რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების სხვაგან გადატანა სურს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების სხვაგან გადატანა სურს.

მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა გადავიდეს თუ არა სამხრეთ კავკასიის შესახებ მოლაპარაკებები ჟენევიდან „უფრო მეგობრულ ქვეყანაში, მაგალითად მინსკში“.

ზახაროვამ თქვა, რომ მომავალი სხდომების ადგილის შესარჩევად მუშაობა გრძელდება, თუმცა ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, მით უფრო, საჯაროდ.

„საკითხი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რეგულარული რაუნდების სხვა, ჭეშმარიტად ნეიტრალურ და ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე გადატანის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუსულმა მხარემ წამოჭრა. სწორედ ჩვენმა მხარემ განაცხადა ამის შესახებ და მას აქტიურად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა“, – თქვა მარია ზახაროვამ.


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

2026 წლის აპრილის მდგომარეობით, გამართულია მოლაპარაკებების 66 რაუნდი.