რომან ქარცივაძე სუსის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

პუბლიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, რომან ქარცივაძე სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუსის უფროსმა, გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

2025 წლის 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) თანამდებობა დატოვა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად რომან ქარცივაძე დაინიშნა.

რომან ქარცივაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მმართველობის დროს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.