ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან ხარაბაძე დაინიშნა.
ხარაბაძემ პოსტზე მიხეილ მაღლაკელიძე შეცვალა. მიხეილ მაღლაკელიძე შემოსავლების სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ლევან ხარაბაძეს ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
სუსში თანამდებობის დაკავებამდე ლევან ხარაბაძე ქვემო ქართლში, მანამდე კი შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.
უფრო ადრე, წლების განმავლობაში ის იყო გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.