ავტომობილის გატაცების ბრალდებით პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, “ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამინისტროს განცხადებით თანახმად, 2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო.

პოლიციამ გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.