ირაკლი კობახიძე და ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთში ერთმანეთს შეხვდნენ

პუბლიკა

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.

„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში.

ცალკეული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში.

სომხეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-8 სამიტი იმართება.

ევროკავშირის, ასევე დიდი ბრიტანეთის და კანადის ლიდერები ერევანში გუშინ და დღეს ჩავიდნენ. სომხეთში ჩავიდა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთო. სომხეთში არიან ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილიც.