კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი

პუბლიკა

სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საუბარი დახურული ფორმატის იყო და დეტალებზე მეტს ვერაფერს იტყვის.

„შინაარსზე ვერ ვიტყვი ვერაფერს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა, შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის.

თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგანი და კიდევ ერთხელ ვივტყვი, რომ იყო საინტერესო და მეგობრული საუბარი.

უკრაინა ჩვენთვის არის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ტრადიციული, ისტორიული მეგობრობა და მას უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად. ეს იყო ის სულისკვეთება, რაც პრეზიდენტს გავუზიარე. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეხვედრის შესახებ მოგვიანებით დაწერა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე“.

„შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა დონეზე.

უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და აგრძელებს საქართველოს, მისი სუვერენიტეტსა და ხალხის პატივისცემას.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.

შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.

მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ.

„ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართე ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში.

ცალკეული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთსასარგებლო სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში.